უნგრეთსა და საქართველოს შორის რომელ ანალოგიებზე შეიძლება საუბარი? , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე საუბრისას განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, იმ ფონზეც კი, როცა ვიქტორ ორბანის მმართველობის დასრულებით რუსეთის ბოროტების ღერძს მნიშვნელოვანი რგოლი გამოაკლდა, საქართველოში თუ საარჩევნო გარემოს კუთხით მოცემულობა არ შეიცვალა, უნგრეთის მაგალითი ვერაფერს მოიტანს.
მისივე თქმით, მიუხედავად მოცემულობის განსხვავებებისა, უნგრეთის არჩევნების შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და აუცილებელია იმისთვის ბრძოლა, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს.
“საქართველოში თუ საარჩევნო მოცემულობა არ შეიცვალა, არ მიუახლოვდა იმას, რაც იყო უნგრეთში, ამ ანალოგიას, სამწუხაროდ, ჩვენთვის არაფრის მოტანა არ შეუძლია. მე ძალიან გამიხარდა ის, რაც უნგრეთში მოხდა იმიტომ, რომ იმ ბოროტების ღერძს, რაც შექმნა რუსეთმა, ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი გამოაკლდა. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, რომ უნგრეთი დაუბრუნდა ევროპულ სივრცეს, მაგრამ თუ ჩვენ უნგრულსა და ქართულ დემოკრატიის სტანდარტს შევადარებთ, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
უნგრეთში არ არიან პოლიტპატიმრები, უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი. ორბანის პირობებში არჩევნები არც ერთხელ არ გაყალბებულა, ორბანმა თავის დროზე წააგო არჩევნები, დატოვა ხელისუფლება და თორმეტი წლის წინ დაიბრუნა. უნგრეთში საარჩევნო დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვემოთ არავის დაუყენებია. კი, იქ იყო საკმაოდ უსამართლო საარჩევნო სისტემა, ის 106 მაჟორიტარული მანდატი, რომელიც ნაწილდებოდა ორი წლის წინ, გადაათამაშეს საარჩევნო გეომეტრიის პრინციპებით ისე, რომ თავის ინტერესებზე მოერგოთ, მაგრამ არჩევნები სამართლიანად ტარდებოდა.
უნგრეთში სპეცსამსახურები ისე ინტენსიურად არ არიან ჩართული საარჩევნო პროცესში, როგორც საქართველოში. მე “ქართულ ოცნებაში” ყოფნის დროს სულ მაგასთან ბრძოლა და დაპირისპირება მიხდებოდა, რომ სუსი ცდილობდა კომისიების მნიშვნელოვანი ნაწილი, საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი თვითონ დაეკომპლექტებინა და დღეს მე ზუსტად ვიცი, რომ თუ ძალოვან სტრუქტურებს ვინმე არ უნდათ საარჩევნო უბანზე, ის კომისიის წევრი უბრალოდ ვერ გახდება. უბანზე ზეწოლები ხდება ოპოზიციის წარმომადგენლებზე და რომელ უნგრეთსა და საქართველოს შორის ანალოგიებზე საუბარი შეიძლება.
თუმცა, ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა უნგრეთის არჩევნების შედეგები. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ისეთი საარჩევნო შესაძლებლობებისათვის, რაც მიახლოებული იქნება უნგრეთთან”, – განაცხადა ფოფხაძემ.
მან ასევე ქართული ოპოზიციური სპექტრი და უნგრეთში გამარჯვებული პეტერ მადიარი შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ მადიარს პოლიტიკის საწარმოებლად ციხეში ჩაჯდომა არ დასჭირვებია, საქართველოში კი პოლიტიკური ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან.
“მე მიმაჩნია, რომ ქართული ოპოზიცია გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანია. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე ორი და სამი “სროკი” მოიხადა. პიტერ მადიარს ციხეში ჩაჯდომა არ დასჭირვებია იმისათვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა ეწარმოებინა. მისთვის საარჩევნო გარემო მეტ-ნაკლებად თავისუფალი იყო. ელემენტარული, ჩვენ სოფლებში რომ ჩავდივართ და მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს, ისინი გვეკითხებიან, სად არიან ჩვენი პარტიის ლიდერები და ამაზე ჩვენ ვპასუხობთ, რომ ციხეში არიან. იმათ როგორ ექნებათ იმის განცდა, რომ ჩვენ მათ უფლებებს დავიცავთ? პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი დღეს ციხეშია.
ორბანის პოლიტიკა მიუღებელი იყო, მაგრამ საარჩევნო გარემო და დემოკრატია შექმნა და სანამ პიტერ მადიარი იტყოდა, მე არჩევნები მოვიგეო, მანამდე დაურეკა და მიულოცა გამარჯვება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოში ეს რეჟიმი არა თუ ოპოზიციას მიულოცავს გამარჯვებას, არამედ ყველაფერი გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბდეს და წინასაარჩევნო ტერორისა და შემდგომი ფალსიფიკაციების ფონზე შეელევა ხელისუფლებას?” – განაცხადა ფოფხაძემ.
კითხვაზე, ოპოზიციას რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა ან თავის დროზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესულიყო, რა ვითარება იქნებოდა დღეს საქართველოში, ფოფხაძემ უპასუხა, რომ ბოიკოტი არც არჩევნებზე უარის თქმა და არც პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა არ არის.
“არ შეიძლება, ქვეყანაში იყვნენ პოლიტპატიმრები, იყოს ღია ტერორი და შენ თამაშობდე პოლიტიკოსობანას. შეიძლება, პოლიტიკოსი მიწოდოთ, მაგრამ დღეს მე ვარ დისიდენტი, არ ვარ პოლიტიკოსი, იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არის, არის მხარე არა პოლიტიკური სისტემა, არამედ ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენ გვიპირისპირდებიან სპეცსამსახურები და არა პოლიტიკური ოპონენტები. ეს თვითმმართველობის არჩევნები იყო იმის მიღება, რომ ქვეყანაში არის დიქტატურა და მე ვთამაშობ პოლიტიკოსობანას, მე ამ დიქტატურას ფასადის შექმნაში ვეხმარები და ფონად, რაც მას სჭირდება, რომ თავისი დიქტატურა გაასაღოს როგორც დემოკრატია, იმაში მოთამაშე ვხდები, ამიტომ ჩემთვის ეს თემა კითხვის ნიშნის გარეშეა.
ჩვენი ბოიკოტი არ არის არც არჩევნებზე უარის თქმა და არც პარლამენტში შესვლაზე უარისა თქმა, პირიქით, ეს არის არჩევნების მოთხოვნა იმიტომ, რომ მე არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. როდესაც შენ არჩევნებს მიყალბებ, მე ზუსტად ვიცი, რომ ვერ მოგიგებ, მაგრამ შენ აფორმებ გამარჯვებას და მე გჭირდები, როგორც ფსევდო ოპოზიცია, რომ ეს გამარჯვება გაასაღო, როგორც დემოკრატიული პროცესის ნაწილი, ამაში მონაწილეობის მიღება არანაირად არ შეიძლება”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.




