“ლაზარე არის ნაცემი, დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში” – ადვოკატი
ლაზარე გრიგორიადისი 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
დაკავების შემდეგ ის დიღმის იზოლატორშია გადაიყვანეს.
როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ეკა ქობესაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ადვოკატის ინფორმაციით, ექიმებმა ის იზოლატორშივე მოინახულეს, თუმცა კლინიკაში არ გადაუყვანიათ.
“არის ნაცემი. მოხდა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება. სახის და თავის არეში აქვს, ძირითადად, დაზიანებები მიყენებული. განიცდის ტკივილებს თავის და სხეულის სხვადასხვა არეში. ასევე, დაზიანებები აქვს ხელებზე, ხელბორკილების მოჭერის შედეგად – რამდენიმე საათი ჰქონდა მჭიდროდ გაკეთებული ხელბორკილი”, – ამბობს ეკა ქობესაშვილი.
ლაზარე გრიგორიადისი, გათავისუფლებიდან სამ კვირაში, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.