ლავროვი: ტრამპის შესაძლო დაბრუნება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს არ გამოასწორებს

აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე დადებითად ვერ აისახება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსი მინისტრის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები არსებობდა, მაგრამ ჯორჯ ბუში-უმცროსის დროს ნდობამ რღვევა დაიწყო. ლავროვის აზრით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია პოლიტიკურ დიალოგში, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით, მზად არ არის.

ლავროვი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მან აშშ და დასავლეთი იმაში დაადანაშაულა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებენ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი პუტინს უკრაინაში არ გააჩერებს, ის ნატოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს. ამ შემთხვევაში კი აშშ იძულებული იქნება, რომ კონფლიქტში უშუალოდ ჩაერიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას – სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება