„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაღრაძემ აღნიშნა, სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – 20-მდე ქვეყნის დიპლომატს შევხვდით – კარგი შესაძლებლობა იყო, მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რათა მხარდაჭერა გაგრძელდეს