უკრაინა თანმიმდევრულად აქცევს ყირიმს იზოლაციაში. დრონებით იერიშების სამიზნე უკვე არა მხოლოდ სამხედრო ბაზები, არამედ ხიდები, ნავთობბაზები, გაზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ნახევარკუნძულის მომარაგებისა და რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის განადგურების ქრონიკა წაიკითხეთ აქ:
23 ივნისს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეორედ შეუტიეს ანექსირებულ ყირიმს. ამის შესახებ იუწყებიან როგორც უკრაინული Telegramმ-არხები, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.
Telegram-არხი „Крымский ветер“ წერს, რომ აფეთქებები მოხდა ფეოდოსიაში, ქერჩში, კრასნოპერეკოპსკსა და ქალაქ შჩოლკინოს მიმდებარე ტერიტორიაზე.არხ Supernova+-ის ინფორმაციით, დრონებმა განმეორებითი იერიში მიიტანეს ქერჩის პორტში მდებარე ნავთობბაზას, ნავთობპროდუქტების გადატვირთვისა და შენახვის კომპლექს TES-Terminal-ს, ასევე ქერჩის სრუტის რუსეთის მხარეს მდებარე პორტ „კავკაზს“. „Крымский ветер“ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით წერს, რომ პორტ „კავკაზის“ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.
23 ივნისის ღამეს ყირიმზე განხორციელებული დარტყმების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ ბროვდიმ (საბრძოლო მეტსახელი „მადიარი“):
„23 ივნისის ღამე ყირიმში ცეცხლოვანი გამოდგა. მოწინააღმდეგის ოპერატიულ სიღრმეში უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ დიდი ხმაური ატეხეს. მხოლოდ საშუალოებით (Middle Strike კლასის დრონები) 60-ზე მეტ მგრძნობიარე სამიზნეს დავარტყით. განადგურებულ სამიზნეებს შორისაა ფრთოსანი რაკეტების სამი გადამზიდი, საჰაერო თავდაცვის ოთხი სისტემა, ქერჩის ნავთობბაზა, გაზგამანაწილებელი ობიექტი და ელექტროქვესადგური, ასევე სამხედრო ლოგისტიკური კოლონები და საწვავმზიდები“, – ნათქვამია ვიდეოსათვის დართულ განცხადებაში.



