კონსტანტინე ჩახუნაშვილი: “ახლა მასზე სახელმწიფო ზრუნავს”

“„ახლა მასზე სახელმწიფო ზრუნავს“
მამაჩემი, გიორგი ჩახუნაშვილი, პენსიონერია — უფრო სწორად, იყო, სანამ დააპატიმრებდნენ.
დაკავებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა პენსია აღარ დაერიცხა – ჩვენ კი მანამდე არ ვიცოდით, რომ მსჯავრდებულს პენსიასაც უჩერებენ – დედაჩემი შესაბამის უწყებაში მივიდა გასარკვევად.
იქ აუხსნეს, რომ მსჯავრდებულებს პენსია არ ერიცხებათ. და ამ სრულიად „ლოგიკურ“ განმარტებას თანამშრომელმა ერთი განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფრაზაც მოაყოლა:
“ახლა მასზე სახელმწიფო ზრუნავს”.
რა თქმა უნდა. როგორ ვერ მივხვდით.
სახელმწიფო იმდენად „ზრუნავს“, რომ ჯერ პენსიას გიხსნის, მერე ციხეში გიშვებს უსაფუძვლოდ და იქ ისეთ პირობებს გიქმნის, სადაც საკვებიდან დაწყებული ყოველდღიური საჭიროებებით დამთავრებული, ყველაფრისთვის ოჯახის დახმარება გჭირდება.
ჯერ ერთი, საქართველოში არსებული პენსია თავისუფლებაში მყოფ ადამიანს ძლივს ჰყოფნის ელემენტარულ საჭიროებებზე. პატიმარს კი, იმ რეალობაში, რაც ქართულ ციხეებშია, ალბათ ხუთმაგიც არ ეყოფა, თუ საკუთარ თავზე მინიმალურად მაინც უნდა იზრუნოს.
მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის. მთავარი არის სისტემის ამ ჭანჭიკის მიდგომა. მთავარია, რომ “სახელმწიფო ზრუნავს”.
ოჯახი აგზავნის ფულს — სახელმწიფო ზრუნავს.
ოჯახი ყიდულობს საჭირო ნივთებს — სახელმწიფო ზრუნავს.
ოჯახი ნერვიულობს საკვებზე, ჯანმრთელობაზე და პირობებზე — ისევ სახელმწიფო ზრუნავს.
ასეთი „მზრუნველობა“ მინდა ვუსურვო ყველა იმ სისტემის ჭანჭიკს, რომელსაც მართლა ჰგონია, რომ მამაჩემზე ან რომელიმე სხვა პატიმარზე სახელმწიფო ზრუნავს.
და აქ მაინც სახელმწიფოს გაფუჭებული კი არაა შემაშფოთებელი, არამედ ამ თანამშრომლის “სახელმწიფო ზრუნავს”.”
🗣 გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი