საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
16 წლიან ინტერვალში, რუსეთმა საქართველოში სამი ომი ჩაატარა. 2008 წლის ომმა გადაფარა წინა ომების დროს ჩადენილი სისასტიკე აფხაზეთში და ცხინვალის ოლქში.
ჯანმრთელი ფისიქიკის მქონე ადამიანისთვის ალბათ დაუჯერებლადაც კი ჟღერდა ის ამბები, რაც ამ ომებში მოხდა. თუმცა უკრაინასთან ომში რუსეთმა პირველად ჩამოიხსნა ნიღაბი და დაანახა მსოფლიოს საკუთარი სიველურემდე მისული სისასტიკე, ჩვენ კი განგვიახლა ძველი ჭრილობები.
დღეს როცა რუსეთის წინააღმდეგ აღსდგა მთელი ცივილიზებული მსოფლიო და პირველად გაჩნდა იმედი რუსეთის დამარცხების, აუცილებელია რუსეთმა არა მხოლოდ პასუხი აგოს ყველაფერზე რაც საქართველოში ჩაიდინა, არამედ აანაზღაუროს საქართველოსთვის მიყენებული ზარალი.
დღეს აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს საქართველოში რეპარაციებზე საუბარი და ჟღერდებოდეს იმ თანხის მოცულობა, რომელიც იქნებოდა ამ კოლოსალური დანაკარგების საპირწონე.
ამავე დროს საქართველოს აქვს უზარმაზარი დანაკლისი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა.
შორს არ არის ის დღე, როცა რუსეთს მოუწევს სხვადასხვა ქვეყნებს დაუბრუნოს უკანონოდ მითვისებული ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის გერმანიას დაუბრუნოს ლეგენდარული ტროას განძი. სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ნუსხა ხელოვნების ნიმუშების, რომლებიც უნდა დაუბრუნდეს საქართველოს რუსეთის მუზეუმებიდან, ბიბლიოთეკებიდან, არქივებიდან და სხვა სახელმწიფო საცავებიდან.
ნულოვანი შეთანხმება (zero option) საქართველოსა და რუსეთს შორის, ეხება მხოლოდ საბჭოთა ქონებას — ოქროს რეზერვს, ალმასის ფონდს, სავალუტო რეზერვებს და საზღვარგარეთ არსებულ ქონებას (შენობები, კომპანიები, აქციები, საბანკო ანგარიშები და სხვა). ამაში არ მოიაზრება სამუზეუმო, საარქივო და საბიბლიოთეკო ქონება.




