კომიტეტმა რუსულ კანონს III მოსმენით მხარი დაუჭირა - სხდომა 1 წუთს გაგრძელდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც.
ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დილის რვა საათისთვის დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევდათ.
მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. პროცესში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქალაქეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.