კობა ფარტენაძის ადვოკატი – ხულიგნობის ნაწილი ძალიან ბუნდოვანია, თვითონ კობა არ ხასიათდება მსგავსი ქმედებებით, სამეთვალყურეო კამერებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებებს – პროცესს ხვალ ველოდებით

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება. როგორც მისი უფლებადამცველი თემურ ქავშბაია „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, საქმეში არსებული მტკიცებულება ადვოკატებისთვის ჯერ არ გადაუციათ. მისი თქმით, კობა ფარტენაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხულიგნობასთან დაკავშირებით ბუნდოვანია.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს სავარაუდოდ დღეს შუამდგომლობით მიმართავენ, რათა სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს. დილიდან მტკიცებულებების გადმოცემას ვითხოვ, როგორც ჩანს თავადაც მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე არიან, სანამ ადმინისტრაციულ მოკვლევას არ დაასრულებენ არ გადმოგვცემენ.

ხულიგნობის ნაწილი ძალიან ბუნდოვანია, თვითონ კობა არ ხასიათდება მსგავსი ქმედებებით. ჩვენ შევეცდებით ეფექტური დაცვა განვახორციელოთ, სამეთვალყურეო კამერებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებებს, აქ გაირკვევა. პროცესს ხვალ დღის პირველ ნახევარში ველოდებით”,- აცხადებს თემურ ქავშბაია.

შეგახსენებთ, შსს -ს ინფორმაციით, კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.