გოგონებს დევნიან ინტერნეტში, უშლიან ღონისძიებებსა და სემინარებს, ხოლო „პატრული“, რომელიც კაცებისგან შედგება, საკუთარ „საქმის გარჩევებს“ უწყობენ მათ. რატომ იქცა „ზნეობისთვის“ ბრძოლა ზეწოლად მაინცდამაინც ქალებზე და რატომ ხუჭავს ამაზე თვალს ხელისუფლება?ტრადიციული ფასეულობები ოსურად?Telegram-ში გამოჩენილმა მოძრაობამ „კავკასიურმა თემმა“ („Кавказская община“) გამოაცხადა, რომ დაიცავდა ტრადიციულ ფასეულობებს ჩრდილოეთ ოსეთში და რესპუბლიკის მცხოვრებთა საჯარო დევნა დაიწყო. იანვრიდან მოყოლებული, ის აქვეყნებდა ადგილობრივი მცხოვრებლების პერსონალურ მონაცემებს, ადანაშაულებდა მათ „სამარცხვინო საქციელში“ და ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებიც, მათი ავტორების აზრით, არღვევს ქცევის გარკვეულ ნორმებს.„აქტივისტების“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ქალები აღმოჩნდნენ. თავდასხმის საბაბი ხდებოდა ტანსაცმელი, სვირინგი, ცეკვები, შეხედულებები თუ პროფესიული საქმიანობა.
„თემის“ დამფუძნებლები — არმენ ავანესოვი, მხატვარი ფრედ-ას ბეტანტი, ასევე „ერთიანი რუსეთის“ წევრი და პოლიტიკური აქტივისტი კირილ მაქსიმკინი — ჩრდილოეთ ოსეთიდან არიან. ისინი თავიანთ საქმიანობას ტრადიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლას უწოდებდნენ. მოძრაობის მანიფესტში ნათქვამია, რომ მათი განზრახვაა, „გაწმინდონ კავკასია კლოუნებისა და სირცხვილისგან“.დევნის ერთი მსხვერპლი გახდა ბესლანის 24 წლის მცხოვრები კარინა კოძაევა, რომელმაც 12 ივლისს Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჯინსებსა და მაისურში ცეკვავს. „თემის“ აქტივისტებმა ეს წინაპრების ხსოვნის შეურაცხყოფად მიიჩნიეს, გამოაქვეყნეს მისი ბინის მისამართი და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. კოძაევამ პოლიციას მიმართა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოწმება დაიწყო, თუმცა საქმე ჯერ არ აღუძრავს.თემის არხი კი საბოლოოდ დაიბლოკა იმ დიდი რეზონანსის გამო, რომელიც მოჰყვა ქსენია სობჩაკის მიმართვას რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოსადმი: „სერგეი ივანოვიჩ, გამოთქვით თქვენი პოზიცია ღიად, როგორც თქვენი რეგიონის ხელმძღვანელმა: მხარს უჭერთ ქალებისადმი ასეთ დამოკიდებულებას თუ გმობთ? როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ? არ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად მისი საქმიანობის გამოძიება?“თვითონ მენიაილომ კითხვებს არ უპასუხა, თუმცა 4 აგვისტოს მისმა ადმინისტრაციამ განაცხადა „პირადი კონტროლისა“ და „პროცესუალური ზომების“ შესახებ და ახსენა „ქალის განსაკუთრებული როლი და სტატუსი ტრადიციულ კავკასიურ საზოგადოებაში“.ქცევის კონტროლიორები დაღესტანში
დაღესტნის “იმამატის” საიტის სკრინშოტი
დაღესტანში მსგავსი კამპანიები ბოლო წლებში საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო ნაწილი გახდა. ინტერნეტში მოქმედებს პლატფორმები, რომელთა მონაწილეებიც თავიანთ თავს ქცევის მაკონტროლებლებად მოიაზრებენ: აქვეყნებენ ინფორმაციას ადამიანებზე, რომელთა საქციელსაც „არასწორად“ მიიჩნევენ, იწყებენ დევნის კამპანიებს და მოითხოვენ ღონისძიებების გაუქმებას.ასეთი დევნის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ფსიქოლოგი ყაზანიდან, ხავა შაიდულინა. დაღესტანში მისი სემინარის გამოცხადების შემდეგ, რომელიც ქალთა უფლებებს ეძღვნებოდა, მისი მისამართით წამოვიდა შეურაცხყოფისა და მუქარის ნაკადი. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ჯილდოც კი დააწესეს მისთვის, ვინც შაიდულინას ადგილსამყოფელს დაადგენდა. თვითონ შაიდულინას თქმით, ღონისძიების ანონსის შემდეგ მან მიიღო აგრესიული შეტყობინებები, მათ შორის ძალადობისა და მკვლელობის მუქარები.მსგავსი კამპანიების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებიც. მაჰაჩყალაში, სოციალურ ქსელებში მიღებული მუქარების შემდეგ, გაუქმდა ეგორ კრიდისა და ელჯეის კონცერტები. რესპუბლიკაში ჩაშალეს როკ-კონცერტები, მუსიკოსები და ორგანიზატორები იტყობინებოდნენ ინტერნეტის საშუალებით შემოსული მუქარების შესახებ.2019 წელს დაღესტანში დააკავეს საზოგადოება „დაღესტნის იმამატის“ („Имамат Дагестана“) ადმინისტრატორი, 18 წლის ახმად ისრაპილოვი. საგამოძიებო ვერსიით, მის უკან იდგა ინტერნეტ-რესურსების ქსელი, სადაც ქვეყნდებოდა მასალები იმ ადამიანებისა და ღონისძიებების ორგანიზატორების წინააღმდეგ, რომლებსაც პროექტის მონაწილეები ტრადიციული ნორმების დამრღვევებად მიიჩნევდნენ. სასამართლომ ისრაპილოვი დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ქმედებისკენ საჯარო მოწოდებებში და მას ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.“შარიათის გუშაგები”„ზნეობისთვის“ ბრძოლა სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი გახდა ყაბარდო-ბალყარეთშიც. ჩერეკის რაიონულმა სასამართლომ რესპუბლიკის 17 მცხოვრები დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული გაერთიანების შექმნის საქმეზე. გამოძიების ვერსიით, ე.წ. “შარიათის გუშაგების” მონაწილეები აწყობდნენ უკანონო „საქმის გარჩევებს“, ახორციელებდნენ ზეწოლას ადამიანებზე და ცდილობდნენ ეიძულებინათ ისინი, შეეცვალათ ცხოვრების წესი მორალის შესახებ მათი წარმოდგენების შესაბამისად.ინგუშეთში „სწორი“ ქცევის შესახებ წარმოდგენებმა არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ ოფიციალური ფორმაც მიიღო. 2019 წელს მაგასის მერიამ გამოუშვა ბროშურა „ინგუში კაცის (ქალის) ქცევის ეტიკეტი საზოგადოებრივ ადგილებში“. მას ავრცელებდნენ ახალგაზრდებს შორის: ასევე გეგმავდნენ მოსწავლეებისთვის დარიგებას.
ინგუშეთი, მაგასი. ქალაქის მცხოვრები ქალი ერთ-ერთ ქუჩაზე
ბროშურაში მცხოვრებლებს ურჩევდნენ, არ მიმართონ ბილწსიტყვაობას, არ უსტვინონ, არ მოწიონ თამბაქო და ძალიან ხმამაღლა არ იცინონ საზოგადოებრივ ადგილებში. „შენი ქცევის მიხედვით მსჯელობენ შენზე, შენს ოჯახზე, შენს ხალხზე“, – ნათქვამი იყო დოკუმენტში. ცალკე თავი ეძღვნებოდა გარეგნულ იერსახეს: ბროშურის ავტორები მიუთითებდნენ, რომ ღია და ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი არ შეესაბამება ტრადიციული ქცევის ნორმებს.მოგვიანებით ქალთა ქცევაზე კონტროლის შესახებ მსგავსი წარმოდგენების გამოვლინება დაიწყო უკვე არა მხოლოდ ინტერნეტში, არამედ საჯარო აქციების სახითაც. აგვისტოს დასაწყისში, ინგუშეთიდან ათობით კაცი ჩავიდა დაღესტნის იზბერბაშის პლაჟზე, სადაც ღამის „რეიდი“ მოაწყვეს. ისინი ამოწმებდნენ, როგორ ეცვათ ქალებს, ასევე ცდილობდნენ გაერკვიათ, ჰქონდათ თუ არა ინგუშ გოგონებს ურთიერთობა სხვა ეროვნების კაცებთან.აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მოგვიანებით ვიდეოში განაცხადა, რომ ხმები ასეთი ურთიერთობების შესახებ არ დადასტურდა. თუმცა კაცებმა მიანიშნეს, რომ განზრახული აქვთ შემდგომშიც „ადევნონ თვალი წესრიგს“ და ჩაერიონ, თუ ჩათვლიან, რომ ვინმეს ქცევა არღვევს ტრადიციულ ნორმებს. თავიანთ ქმედებებს ისინი ხსნიდნენ „ქალთა ღირსებისა და პატივის დაცვის“ სურვილით.ასეთი კონტროლის კიდევ ერთ ფორმად იქცა ინტერნეტ-საზოგადოებები, სადაც მომხმარებლებს მოუწოდებდნენ დამოუკიდებლად „დაესაჯათ“ ის ადამიანები, ვისი ქცევაც არ შეესაბამებოდა მონაწილეთა წარმოდგენებს მორალზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ჩეჩნური ვებსაიტი „კართაგენი“ („Карфаген“). “ვკონტაკტეში” მის გვერდზე ქვეყნდებოდა ჩეჩენი გოგონების ფოტოები, რომლებიც მათი ინსტაგრამის ანგარიშებიდან იყო აღებული, ხოლო ნათესავებს მოუწოდებდნენ „გაერკვიათ საქმე“ იმ ქალებთან, რომლებსაც საზოგადოების ავტორები ტრადიციული ნორმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.ვებსაიტის ადმინისტრატორები თავიანთ საქმიანობას „ვაინახი ხალხის გაწმენდისთვის“ ბრძოლას უწოდებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ტრადიციული კულტურა საფრთხეშია „უცხო ფასეულობების“ გავლენის გამო. „მედუზასთან“ ინტერვიუში საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი ღიად საუბრობდა, რომ ამ წარმოდგენების შენარჩუნების სახელით ძალადობა დასაშვებია, მათ შორის ე.წ. „ღირსების მკვლელობებიც.” 2017 წელს სოციალური ქსელი “ვკონტაკტეს” ადმინისტრაციამ საზოგადოება „კართაგენი“ დაბლოკა.
„კართაგენის“ დახურვის შემდეგ ჩეჩნურ ინტერნეტ-სეგმენტში კვლავ განაგრძეს გამოჩენა ცალკეულმა „მორალის დამცველებმა“: ბლოგერებმა და აქტივისტებმა, რომლებიც თვალს ადევნებენ მომხმარებელთა ქცევას, მათ გარეგნულ იერსახეს და ცხოვრების წესს.გამოძიების ვერსიით, ჯგუფის მონაწილეები ადევნებდნენ თვალს გოგონების გვერდებს სოციალურ ქსელებში, აკონტროლებდნენ მათ ქცევას და ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ სკოლის მოსწავლეებზეც კი. თუ ვინმეს გარეგნობას ან ცხოვრების წესს მიიჩნევდნენ მეტისმეტად „დასავლურად“, გოგონებს შეეძლოთ დამუქრებოდნენ ან გაეფრთხილებინათ შესაძლო შედეგების შესახებ. ზოგიერთი ქალის ფოტოები, როგორც სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, ვრცელდებოდა დახურულ ჯგუფებში.2020 წელს ავსტრიის პოლიციამ დააკავა ჩეჩნეთის 19-დან 37 წლამდე ასაკის ექვსი მკვიდრი, ახალგაზრდა ქალებზე მუქარისა და ზეწოლის ეჭვით.
“დაღესტნის იმამატის” უებსაიტი
სიგნალი ხელისუფლებისგანყველა ეს შემთხვევა დამაფიქრებელია: რატომ კისრულობენ ცალკეული ადამიანები და ჯგუფები სხვისი ქცევის კონტროლიორების როლს? მოქმედებენ თუ არა ისინი დამოუკიდებლად, თუ მიიჩნევენ, რომ მათ პოზიციას იზიარებს საზოგადოების უფრო ფართო ნაწილი?ფაქტების გარეშე არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ასეთი ჯგუფების უკან აუცილებლად დგას ერთიანი ცენტრი ან კონკრეტული გავლენიანი პირები, აღნიშნავს ჩეჩენი სოციოლოგი, რომელმაც ითხოვა დევნის საფრთხის გამო არ გაეხმაურებინათ მისი სახელი: „მაგრამ სოციოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სხვა რამ: მსგავსი ინიციატივები იშვიათად ჩნდება ვაკუუმში. ისინი ჩნდება იქ, სადაც ადამიანები თვლიან, რომ მათ ქმედებებს მოიწონებენ ან, სულ მცირე, არ შეხვდებათ სერიოზული წინააღმდეგობა. როდესაც საჯარო სივრცეში რეგულარულად ისმის მოწოდებები ტრადიციული ფასეულობების დასაცავად, ხოლო ქალებზე ზეწოლისა და მათ პირად ცხოვრებაში ჩარევის შემთხვევები არ იღებს განსჯას ოფიციალური ინსტიტუტების მხრიდან, საზოგადოების ნაწილმა ეს შეიძლება აღიქვას სიგნალად, რომ ასეთი ქცევა დასაშვებია“.ამასთან, მსგავსი წარმოდგენები საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ ისმოდა საჯარო რიტორიკის დონეზეც ჩეჩნეთში. სხვადასხვა წელს რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ლაპარაკობდა ტრადიციული ნორმებისა და რელიგიური დანაწესების დაცვის მნიშვნელობაზე. „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში ის თავის მოწოდებებს ხსნიდა ქალების იმ ნაბიჯებისგან დაცვის სურვილით, რომლებიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება ისლამურ ნორმებს. კადიროვის თქმით, ამ ნორმების დარღვევისთვის ადამიანს ელის სასჯელი იმქვეყნიურ ცხოვრებაში.კიდევ უფრო ადრე, 2006 წელს, როდესაც კადიროვი ჩეჩნეთის პრემიერმინისტრი იყო, ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ მობილურ ტელეფონებს შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ქალების მორალურ სახეზე. მისი აზრით, ისინი იძლევა კაცების გაცნობის, ფლირტისა და შეხვედრების დანიშვნის შესაძლებლობას.
რატომ აღმოჩნდებიან ხოლმე მაინცდამაინც ქალები ასე ხშირად ე.წ. „ზნეობის მცველების“ ყურადღების ცენტრში? სოციოლოგი ამას ხსნის იმით, რომ ძლიერი პატრიარქალური წესების მქონე საზოგადოებებში სწორედ ქალებს ეკისრებათ ხოლმე პასუხისმგებლობა ოჯახისა და თემის რეპუტაციაზე.„ამიტომ ქალებზე კონტროლი ხდება ტრადიციებისადმი ერთგულების დემონსტრირებისა და საკუთარი სოციალური როლის დადასტურების საშუალება. ამასთან, წარმოიშობა აშკარა ასიმეტრია. კაცების მიმართ საზოგადოება ხშირად ბევრად უფრო შემწყნარებლურია, თუმცა მორალური ნორმები, თუ ისინი მართლაც საერთოა, თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქმე ეხება არა იმდენად ზნეობრივი ფასეულობების დაცვას, რამდენადაც ძალაუფლებისა და კონტროლის არსებული სისტემის შენარჩუნებას, სადაც სწორედ ქალები აღმოჩნდებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად“, — დაასკვნის სოციოლოგი.ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ჩრდილოეთ ოსური საგანმანათლებლო პროექტის „ხოტაეს“ („Хотае“) დამფუძნებლის, აგუნდა ბეკოევას აზრით, არის პრინციპული მომენტი, რომელიც უცვლელი რჩება ყველა დროში: არ შეიძლება ადამიანების დევნა და მათზე ანგარიშსწორებისკენ მოწოდება, და ამას უნდა ვებრძოლოთ.„ზნეობის მცველები“ არსებობდნენ ყოველთვის, განაგრძო მან „კავკაზ.რეალიის“ რედაქციასთან საუბარში: „თუ ოსეთზე ვისაუბრებთ, ისინი არსებობდნენ 120 წლის წინათაც, როდესაც „სათნოების პატრულები“ ალექსანდრეს პროსპექტზე დააბიჯებდნენ.იყვნენ 15 წლის წინაც, როდესაც ახალგაზრდობა, ძირითადად, ურთიერთობდა „ვკონტაკტე“ ან „ოდნოკლასნიკიში“ და იქ მოქმედებდნენ „კურიცი ვლადიკავკაზას“ (ვლადიკავკაზის ქათმები) ტიპის ჯგუფები და სხვა საზოგადოებები, რომლებიც მიმართული იყო ქალთა საჯარო დამცირებისკენ. წლების განმავლობაში იყვნენ და არიან ორგანიზებული დაჯგუფებები, რომლებიც ფულს აკეთებდნენ ამ რესურსებზე, ხოლო განსაკუთრებით გადარეულები — კიდევ შანტაჟსა და გამოძალვაზე (ასეთი ამბები ხდებოდა: „შეგარცხვენ, თუ არ გამოისყიდი შენს ფოტოებს“ და ა.შ.)“.ამასთან, მიიჩნევს ბეკოევა, ისტორია სიტყვასიტყვით არ მეორდება. მისი აზრით, მცველების „მარგინალური სიფათები“ ყოველ თაობაში ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ახლა ყველაფერი ასე მარტივად არ არის: „15 წლის წინ „მორალის მცველებთან“ და „შემარცხვენლებთან“ დაკავშირებულ სკანდალებში ბევრად მეტი სტიქიურობა იყო, მოვლენათა რაღაც ბუნებრივი მსვლელობა და ცოცხალი აბსურდი, თუ გნებავთ. ახლა კი მე ვხედავ მარკეტინგისა და პოლიტიკის აშკარა კვალს, ასევე ახალი კონტექსტების მთელ შრეებს, რომელთაგან მთავარია — რუსეთის ეროვნული პოლიტიკისა და ომის კონტექსტი“.
ბოლო თვეებში „კავკასიური თემისა“ და მისი საწინააღმდეგო მასალების კითხვისას, რედაქციის თანამოსაუბრეს არ შეუძლია ამ ყველაფერში ხელოვნური კვალი „ვერ დაინახოს“. მისი აზრით, თვითონ კონფლიქტის მასშტაბმა დიდად გაზარდა „არავისთვის ცნობილი ტელეგრამ-არხიდან სულიერად დაავადებული ბიჭების“ მნიშვნელობა თითქმის თალიბების დონემდე.ბეკოევამ ხაზი გაუსვა, რომ რესურსები, რომლებიც ეხმარება ქალთა მიმართ დევნასა და ძალადობასთან ბრძოლას, „ძალიან საჭიროა“, თუმცა მათი შექმნა და განვითარება აუცილებელია „ჭკუითა და გათვლით“: „რეზონანსი არა მხოლოდ დაცვის ძლიერი ინსტრუმენტია, ეს უპირველეს ყოვლისა საფრთხის უძლიერესი ფაქტორია იმ ადამიანისთვის, რომლის დაცვაც გსურთ. თუ თქვენ ნაცემი ქალის ამბავს გამოაქვეყნებთ იმაზე ადრე, ვიდრე დარწმუნდებით, რომ დაზარალებული უსაფრთხოდაა, მაშინ თქვენ კარგი კონტენტ-მეიკერი ხართ, მაგრამ არა ძალიან კარგი უფლებადამცველი. პირველი წესი უნდა იყოს, როგორც მედიცინაში: არ ავნო. არ ავნო ადამიანს იმ საინფორმაციო ძალაუფლებით, რომელიც შენს ხელში აღმოჩნდა“.თანამოსაუბრის აზრით, დღეს ქალები აწყდებიან ბევრად უფრო სერიოზულ საფრთხეს, ვიდრე ინტერნეტ-ტროლები და „შიზოფრენიკები ინტერნეტთან წვდომით“. მისი თქმით, მთავარ პრობლემად რჩება პირდაპირი საფრთხე ქალებისა და ბავშვების სიცოცხლისთვის: „ესენი არიან კაცები, რომლებიც მიდიან უკრაინაში ომში და ბრუნდებიან იქიდან. ესენი არიან როგორც ჩვეულებრივი კაცები, რომლებსაც ომი სამუდამოდ ცვლის, ისე ყველა სახის მკვლელები, მოძალადეები და ფსიქოპათები, რომლებიც ამ მისიას „სვო-ს“ უმადლიან. აი, ისინი ჩვეულებრივ არ იღებენ მათზე მოკლე ფილმებს ინტერნეტისთვის და არ ქმნიან თემებს. აი, მათ კი, მეგობრებო, იცავენ „რუსული თემები“ და სხვა საინტერესო ორგანიზაციები. მათ და არა კავკასიელ ქალებს“.
ნიშანდობლივია, რომ ამასთანავე სახელმწიფო სტრუქტურები საუბრობენ ინტერნეტში აგრესიასა და დარღვევებთან ბრძოლის აუცილებლობაზე. ასე მაგალითად, ჩეჩნეთის ომბუდსმენმა მანსურ სოლტაევმა ახლახან გააფრთხილა სოციალურ ქსელებში იმ კომენტარებისთვის შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ნიშნებს ან ადამიანების შეურაცხყოფას. მან მოიყვანა მუხლების ჩამონათვალი, რომელთა მიხედვითაც ასეთი პუბლიკაციების ავტორები შეიძლება მიეცნენ პასუხისგებაში, თუ მათი გამონათქვამები ცილისწამებას შეიძლება ნიშნავდეს დადგენილი ნორმებით.თუმცა საჯარო განცხადებები იმ ქალების დასაცავად, რომლებიც ხდებიან დევნის, ზეწოლისა და მუქარის ობიექტები ე.წ. „ზნეობის მცველების“ მხრიდან, პრაქტიკულად არ ისმის. ისმის კითხვა: თუ სახელმწიფო აცხადებს ინტერნეტში დევნისგან ადამიანების დაცვის აუცილებლობაზე, რატომ არ ვრცელდება ეს დაცვა ყოველთვის იმ ქალებზე, რომლებიც აწყდებიან საჯარო დამცირებასა და დევნას?ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაზე მოდის უფლებადამცველებისთვის ცნობილი ოჯახური ძალადობის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა – ასეთია ჯგუფ Ad Rem-ის ანგარიშის დასკვნა. ბოლო წლებში რუსეთის სამხრეთში ძალადობის მსხვერპლისთვის დახმარება არსებითად გართულდა: ნათესავებისა და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარებს ახლა აწყდებიან არა მხოლოდ გაქცეული ქალები, არამედ კრიზისული ჯგუფების თანამშრომლებიც.
ჩეჩენი ქალების მიმართ ძალადობის საკითხი, როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კვლავ მწვავეა და აქტუალური. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მკვიდრთა დევნის, ძალადობისა და მკვლელობების ეს შემთხვევები მოწმობს ღრმა სისტემურ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია „ტრადიციებთან“, ოჯახურ კონტროლსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის არარსებობასთან. საზღვარგარეთაც კი ვერ პოულობენ ისინი სრულ უსაფრთხოებას.ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაზე მოდის უფლებადამცველებისთვის ცნობილი ოჯახური ძალადობის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა – ასეთია ჯგუფ Ad Rem-ის ანგარიშის დასკვნა. ბოლო წლებში რუსეთის სამხრეთში ძალადობის მსხვერპლისთვის დახმარება არსებითად გართულდა: ნათესავებისა და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარებს ახლა აწყდებიან არა მხოლოდ გაქცეული ქალები, არამედ კრიზისული ჯგუფების თანამშრომლებიც.



