„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის კობა კობალაძის გამოკითხვა დასრულდა.
კობა კობალაძის განცხადებით, კითხვები დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს ჰქონდათ თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან.
მისივე თქმით, ვერ შეეგუება იმ აზრს, რომ „ვიღაცის ბოდიალის გულისთვის“ ვეტერანები მკვლელებად ჩათვალონ.
„ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ რა რუსული წესრიგის მატარებელია ოკუპანტის ჯარი და რა სტანდარტებს და წესრიგს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ ვიგუებთ და შევეგუებით იმ აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის ჩვენ გამოვიდეთ მკვლელები და ვიღაც მოკლულის ოჯახის წევრები. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით ვიყავით დაბარებული, აღძრულია საქმე. აინტერესებდათ, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ საბრძოლო პოზიციებში გამოირჩა ის თავისი სიჩაუქით და თავგანწირვით.
ჩვენება მივეცი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით იმიტომ, რომ გუშინაც, დღესაც მე, ფაქტობრივად, მიწევს საუბარი ჩემს თანამებრძოლებთან, ვეტერანებთა და ვეუბნები, რომ ანგარიშსწორება არ არის გამოსავალი იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში”, – განაცხადა კობა კობალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.




