კობახიძე: მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში

მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ “მაღალი ალბათობაა”, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტი გადადგეს და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან უნგრეთში ვიზიტის დროს, მედიასთან კომენტარის დროს ისაუბრა.
“ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს, რაიმე წვლილი შეიტანოს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გაძლიერებაში წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა ირაკლი მ.
მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, სალომე ზურაბიშვილმა 16 ოქტომბრის საჯარო მიმართვის დროს განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.
“მე მინდა გაგამხნეოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას, ყველას, ვინც მისმენს, რომ მე არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი – ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის”, – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა ისიც, რომ მმართველი პარტიის ოცნებების ასრულების დრო დამთავრდა. მან ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
“ეს არის მცდელობა „ოცნების“, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს. მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო – როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი, როგორ და რა იქნება. მაგრამ თქვენ მინდა გითხრათ, რომ ერთად, რადგან მე ვიცი და მჯერა, რომ მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული, ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს, პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს გვიშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები. მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპი. წინ გვაქვს წელიწადი, წელიწად-ნახევარი და ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ ასევე თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ ნუ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად”, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს