კობახიძესთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გადადგა - მთავრობის პრესსამსახური
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
ეს არის მინისტრთა კაბინეტში პირველი საკადრო ცვლილება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა, მაშინ როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მანამდე, ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, 10 თვის განმავლობაში იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დატოვა. მის შემცვლელად კი პარტია "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი კობახიძე დაასახელა. თანამდებობაზე დამტკიცებამდეც და შემდეგაც კობახიძე აცხადებდა, რომ მხოლოდ თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე დატოვებდა თანამდებობას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.