,,კახეთის გლეხები პასუხებს ვითხოვთ!!!!”

,,კახეთის გლეხები პასუხებს ვითხოვთ!!!!
დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასობით გლეხი უმძიმესი პრობლემის წინაშე დგას. მინდვრებში მოწეული ქერისა და ხორბლის მოსავალი რჩება აუღებელი, რადგან, კომბაინები არ არის საკმარისი, მომსახურების ფასი მუდმივად იზრდება, ხოლო, ყოველი ახალი წვიმა და სეტყვა გლეხისთვის ახალ ზარალს ნიშნავს.
ამ დროს სრულიად ბუნებრივი კითხვა ჩნდება: სად არის ის ათეულობით მილიონი ლარით შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც სახელმწიფომ ხალხის ფულით იყიდა?
ერთ დროს არსებობდა შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“, რომელსაც თანამედროვე კომბაინები, ტრაქტორები და სხვა ტექნიკა გააჩნდა. მისი დანიშნულება იყო გლეხების დახმარება და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.
დღეს კი ეს კომპანია პრაქტიკულად აღარ არსებობს, ხოლო გლეხი მოსავლის გადასარჩენად დახმარებას ვეღარსად პოულობს.
მოსახლეობაში მრავალი წელია ვრცელდება მძიმე ეჭვები, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა სქემების მეშვეობით კერძო პირების ხელში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს:
ვინ აიღო პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტექნიკის ბედზე?
რამდენი ერთეული ტექნიკა გაიყიდა, გასხვისდა ან გაქრა?
ვის ხელში აღმოჩნდა ეს ქონება?
რატომ აღმოჩნდა გლეხი იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარი შრომით მოყვანილი მოსავლის აღებასაც კი ვეღარ ახერხებს?
დღეს მინდვრებში ლპება ქერისა და ხორბლის მოსავალი, გლეხები ყოველდღიურად ზარალდებიან, სახელმწიფო კი დუმს. არ ჩანს არც გადაუდებელი პროგრამა, არც დამატებითი ტექნიკა და არც რეალური დახმარება.
თუ სახელმწიფომ მილიონობით ლარი დახარჯა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, მაშინ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად არის ეს ტექნიკა დღეს და რატომ არ ემსახურება ის იმ ხალხს, ვისთვისაც იყო შეძენილი.
კახეთის გლეხები პასუხებს ვითხოვთ!
სად არის სახელმწიფო, როდესაც მოსავალი მინდორში ნადგურდება?
სად არის ის კომბაინები და ტრაქტორები, რომლებიც ხალხის ფულით შეიძინეს?
და ბოლოს – ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ გლეხი საკუთარი შრომის ნაყოფს ვეღარ იმკის, ხოლო მისი ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება?” – წერს სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები დავით კაკალაშვილი