არქივი4 ივნისი, 2025, 23:08
კახა ურიადმყოფელი: ტერიშვილი 17 წლის იყო, როცა 1992 წლის 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდზე მხედრიონის რეჟიმმა სიცოცხლეს გამოასალმა. იმ დღეს მამუკა დროშით ხელში წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელიც ჯაბა იოსელიანის ბრძანებით სისხლში ჩაახშეს

"ვიდეო შემხვდა - მეტროსთან შავებში ჩაცმული ქალი დგას, ხელში პატიმრების წერილები უჭირავს და გამვლელებს სთავაზობს, რომლებიც ყურადღებასაც კი არ აქცევენ...
რომ იცოდეთ ვინაა ეს ადამიანი და რამხელა ისტორიას ატარებს...
ეს მარინა ტერიშვილია - მამუკა და გიორგი ტერიშვილების დედა.
მამუკა ტერიშვილი 17 წლის იყო, როცა 1992 წლის 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდზე მხედრიონის რეჟიმმა სიცოცხლეს გამოასალმა. იმ დღეს მამუკა დროშით ხელში წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელიც ჯაბა იოსელიანის ბრძანებით სისხლში ჩაახშეს. 23 დაღუპულიდან მამუკა ყველაზე პატარა იყო...
გიორგი - მარინას მეორე შვილი - გასულ წელს დააკავეს, ასევე აქციაში მონაწილეობისთვის და მრავალწიანი პატიმრობით ემუქრებიან...
შვილების ნაცვლად ახლა მათი დედა დგას ქუჩაში, მიუხედავად მისი ასაკისა, და ითხოვს ყველასთვის სანატრელ რამეს - თავისუფლებასა და სამართლიანობას...
9 ძმა ხერხეულიძისა და მათი დედის ისტორია ვითომ სხვა რამეზეა? აგერ ახლა ხდება ჩვენს გვერდით ზუსტად იგივე და ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ. უფრო მეტიც - რუსული პროპაგანდისგან მოწამლული ქართველები ქალბატონ მარინას უსამშობლოს ეძახიან, დასცინიან და ლანძღავენ...
როგორ ვახერხებთ, ამ წიგნიერებისა და განვითარების პიკში მყოფ საუკუნეში, ასეთი ტემპით დეგრადაციას?!.." - წერს სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.