29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს. მას ხელბორკილები პოლიციის განყოფილებაში დაადეს.
კადრებში, რომელიც “პირველებს” მიაწოდეს, ჩანს, რომ 30 წლამდე კაცს სახეზე ხილული დაზიანებები აღენიშნება.
ბანკის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია “პირველებს” დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურა.
ადვოკატი აზუსტებს, რა მუხლით დააკავეს ახალგაზრდა კაცი.
ჩემთვის როგორც ცნობილია, ახლახანს გადაიყვანეს იზოლატორში, დააკავეს, მაგრამ ყველაზე ცინიკური არის ის, რომ რომელი პოლიციელიც ძალადობდა, სწორედ მაგ პოლიციელებმა ჩამოიყვანეს და მაგ პოლიციელებმა გადაიყვანეს იზოლატორში.
ერთის მხრივ, აკავებენ ადამიანს, რომელიც არის წამების მსხვერპლი, მეორეს მხრივ, ის მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც პირდაპირ წამება განახორციელეს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალადობდნენ ამ წუთამდე დაკავებულები არ არიან.
კიდევ ერთხელ შსს-ს და პროკურატურას ვეტყვი, ეს ადამიანი არის უდანაშაულო, კადრებში ძალიან კარგად ჩანს, ამ ადამიანზე განხორციელდა წამება, ეს ადამიანი კი არ უნდა დაეკავებინათ, არამედ უნდა დაეკავებინათ ის პოლიციელები და ერთი, ან ორი პოლიციელი კი არა ათამდე პოლიციელი ძალადობს. უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი და უნდა დაიწყოს წამების მუხლით.
ამ ეტაპისთვის ცნობილია, მაგრამ ვაზუსტებ, რომ [ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს] 353-ე მუხლს [ედავებიან], რომელიც გულისხმობს პოლიციელზე ძალადობას, რაც არის აბსურდი, მაგრამ შემდგომში უფრო დავაზუსტებ, როდესაც შევხვდები გამომძიებელს და ასევე მოვინახულებ დაზარალებულს, რომელიც გადაიყვანეს იზოლატორში,” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა.




