კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს - ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები მადლიერები არიან, რომ პრეზიდენტი აღარ ხართ, თორემ ვლადიმერ პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა

ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები ისეთი მადლიერები არიან, რომ პრეზიდენტი აღარ ხართ, თორემ პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა დანარჩენ ევროპაზე თვალმიპყრობილი, - ასე მიმართა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მეტოქეს, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელევიზიო დებატების დროს.
კამალა ჰარისის თქმით, ვლადიმერ პუტინი დიქტატორია.
"ის დიქტატორია, რომელიც ლანჩზე შეგჭამთ", - მიმართა ჰარისმა ტრამპს.
დებატების დროს უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვერ უზრუნველყო მშვიდობა მას შემდეგ, რაც გაგზავნეს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებისთვის, რაზედაც ჰარისმა უპასუხა, რომ ის შეხვდა არა ვლადიმერ პუტინს, არამედ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
„რეალობა ისაა, რომ ამერიკა ყოველთვის უნდა დადგეს, როგორც ლიდერი, რომელიც იცავს საერთაშორისო წესებსა და ნორმებს. როგორც ლიდერი, რომელიც ავლენს ძალას, გვესმის, რომ ალიანსები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში, დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავუფრთხილდეთ ჩვენს მეგობრებს და არ მივცეთ უპირატესობა ჩვენს მტრებს, რადგან თქვენ ეთაყვანებით ძლიერებს, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეთ დემოკრატიაზე,”- განაცხადა ჰარისმა დონალდ ტრამპის საპასუხოდ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.