თბილისის მერის მეგობარი ბიზნესმენისთვის გაცემული სამშენებლო ნებართვა და შაბათის საგამოძიებო რეპორტაჟი, რომელმაც სავარაუდო კორუფცია ამხილა, დღეს, თბილისის საკრებულოში განხილვის თემა გახდა. თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამტკიცებს რომ 12-წლიანი ხელშეუხებლობის შემდეგ ზონალური სტატუსი ალექსიძის ქუჩას არა ბიზნესმენის კალაძესთან მეგობრობის, არამედ ქალაქისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტის გამო შეეცვალა.
სავარაუდო კორუფციაზე კითხვებს ამ პროექტში რამდენიმე გარემოება აჩენს – ლაშა კვაჭაძის კალაძესთან მეგობრობის გარდა, ირკვევა რომ იქამდე სანამ საკრებულო 13 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას შეზღუდვას მოუხსნიდა და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონად აქცევდა, კვაჭაძის მეუღლემ საკუთარი ბიზნესის 30% ანუკი არეშიძეს აჩუქა. მალე აქ სამ მრავალსართულიან შენობას ჩადგამენ. “ოცნება” ამტკიცებს, რომ რისკები წინასწარაა გათვლილი.
ბეტონის ჯუნგლებად ქცეული თბილისი, უარი საპარკინგე სივრცეებზე და საფრთხის ქვეშ აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – თბილისის საკრებულოს დღევანდელმა სხდომამ მწვავე კამათის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის კითხვებს ქაოსური განაშენიანების და გავლენიან ბიზნესებზე მორგებული პოლიტიკის შესახებ “მეოცნებეები” არ პასუხობდნენ.
;



