სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანასთან, ქვეყნის მომავალთან, რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პრემიერის, ირაკლი კობახიძის გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა.
მისივე თქმით, საქართველო მზადაა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, ასევე მზადაა იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ახალი რეგიონის მშენებლობას მშვიდობის თვალსაზრისით.
„სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანასთან, ქვეყნის მომავალთან, რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებთან. პრემიერმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ფაქტებზეა დაფუძნებული და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს. ასევე, პრემიერმა ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი რეგიონში, თუნდაც ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. საქართველო მზადაა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა. მზადაა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალი რეგიონის მშენებლობას მშვიდობის თვალსაზრისით.
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ. მშვიდობის შენარჩუნებით ხდება ქვეყნის განვითარება, გაძლიერება“,- აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, პრემიერს არ გაუკეთებია იმისგან განსხვავებული განცხადებები, რასაც ქვეყნის შიგნით ამბობს.
„არანაირი განსხვავებული მესიჯები არ არის. მოგისმენიათ თუნდაც ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება და ახლაც გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ურთიერთობები იყოს მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობების მხრივ გამართული.
წინა ადმინისტრაცია იყო არასამართლიანი, არამეგობრული იმ გადაწყვეტილებებით და გამოკიდებულებით, რაც ჰქონდათ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. დღევანდელ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას შეუძლია ეს არასამართლიანი დამოკიდებულება მარტივად გამოასწოროს. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე. პრემიერის თქმით, ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი კარგად უნდა გვახსოვდეს, „საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ“. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ოკუპაციის თემაზე გაამახვილა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა. „დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს“,- აღნიშნა პრემიერმა. ამასთან პრემიერმა საერთაშორისო წესრიგზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობისთვის ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, ვინც საქართველოსთან მუშაობით არის დაინტერესებული. გარდა აღნიშნული თემებისა, პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს“,- აღნიშნა პრემიერმა.




