კახა კალაძის განცხადებით, თბილისის 7 ბაგა-ბაღი, სადაც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად სააღმზდელო პროცესი შეჩერდა, მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს, ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სახომაზე განაცხადა.
“თბილისის საჯარო ბაღებში შექმნილ ვითარებაზე, ამ დღეების განმავლობაში, არ გამიკეთებია ვრცელი განცხადება, მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოვიფარგლე, რადგან მთავარი და უმთავრესი იყო ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათზე ზრუნვა და იმ გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფაქტის გამოვლენისთანავე დავიწყეთ. ამას, რა თქმა უნდა, არ სჭირდებოდა არანაირი პანიკა, არც რაღაც პოლიტიკურ დებატებში, პოლემიკაში შესვლა, იმ რაღაც ცილისწამებაზე პასუხის გაცემა, არამედ, სჭირდებოდა თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობა, კონკრეტული პრობლემების მიზეზის დადგენა.
ჩვენ იმავე დღეს ბაგა-ბაღებში დავიწყეთ სპეციალისტების მიერ დადგენილი, პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი საპრევენციო ზომების მიღება, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით გატარდა ყველა საჭირო ზომა, რათა აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოება ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და მოგვეხდინა რისკების პრევენცია.
დღეს უკვე, სპეციალისტების მიერ გამოვლენილია ნოროვირუსი, რაც მთავარია, პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, შესაბამისად, უახლოეს დღეებში დროებით დახურული შვიდივე ბაღი დაიწყებს ჩვეულებრივ მუშაობას”. – თქვა კალაძემ.
კალაძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას
მისივე თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბავშვების ნოროვირუსით დაავადება ქათმის ხორცით მხოდა. კალაძის განცხადებით, იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა.
როგორც ის ამბობს, ბაღების სააგენტო ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივად მოახდეს რეაგირებას.
“როდესაც საქმე ეხება პატარებს, ამ თემით სპეკულაციები კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამ დღეებში მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიბინძურე, ტყუილი, გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერთ-ერთ ტელევიზიაში ავრცელებდა კონკრეტულ დეზინფორმაციას, სიცრუეს, რომ თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და რომ ქათამი, რომელიც ბაღებში შედის არის გაფუჭებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ესაა ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, არ დაუჯეროთ თაღლითებს მეგობრებო! ჩვენ ყოველთვის სიმართლეს ვეტყვით მოსახლეობას, აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ, არ გავურბივართ პრობლემებს, გამოწვევბს, ყოველთვსი გამოვდივართ და ვამბობთ იმას, რაც უნდა იცოდეს მოსახლეობამ.
მე დარწმუნებული ვარ, სამართლებრივად ბაღების სააგენტო ყველა ცილისწამებაზე მოახდენს რეაგირებას და ყველა ცილისმწამებელს აუცილებლად, მერწმუნეთ, მოუწევს ყველა ცილისწამებაზე პასუხის გაცემა”. – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კვლევები გრძელდება და იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში იქნება სრული ინფორმაცია, საიდან გადავიდა აღნიშნული ვირუსი და რა იყო დაავადების წყარო.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი. ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციას, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
სააგენტო: ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი – სარჯველაძე ბაღებზე