კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო კომისიას მოუწოდებს, სასწრაფოდ გადაწყვიტოს 69-ე უბნის საკითხი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო კომისიას მოუწოდებს, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება 69-ე უბნასთან დაკავშირებით.
უბანი ამ დროისთვის დახურულია. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩაყარა ერთ-ერთმა პირმა საარჩევნო ყუთში ბევრი ბიულეტენი.
“ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს – ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში – იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა, დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით მიმართებაში 24 საათის განმავლობაში. მე მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაშია, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სიმართლეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის დღის მთლიანობას და რა თქმა უნდა, აზიარებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს ჩვენთან მიმართებაში”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. კალანდარიშვილი შსს-ს უწყებას მოუწოდებს, დროულად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, “რათა საზოგადოებას, ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით”.
სავარაუდოა, რომ საოლქო კომისია უბნის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.