იუსტიციის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია 322 ორგანიზაციას აქვს გავლილი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, დილის შემდეგ სტატისტიკა შეცვლილია და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 322-მა ორგანიზაციამ გაიარა.
აღნიშნულის შესახებ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
„განვაახლებ სტატისტიკას, რიცხვები ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა დღევანდელი დღე, 322-მა მოგვმართა, დილით 233 იყო, ახლა არის 322. ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს, კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები, ამაზე შევწყვიტოთ რიცხვებით მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.