69 წლის ფრანკო მალოსოს თაღლითობის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა. ის დამთვალიერებლებს 40 ევროს ახდევინებდა ობიექტის სანახავად, რომელიც 20 წლის წინ თავადვე ააგო, – ამის შესახებ Euronews იუწყება.
დაკავებული ამტკიცებდა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის ქალაქ ვიჩენცაში მდებარე ობიექტი – ცნობილი როგორც „ბერიკოს საზღვაო ამფითეატრი“ – 2005 წელს, მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ აღმოაჩინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მალოსო ტურისტებს აჯერებდა, რომ ეს ადგილი ჩვენი წელთაღრიცხვით 393 წლით თარიღდებოდა და მსოფლიოში ერთ-ერთ „ყველაზე ძველ და უდიდეს ამფითეატრს“ წარმოადგენდა.
მან ადგილობრივი ხელისუფლების დარწმუნებაც კი შეძლო, რომ აღნიშნული ობიექტი ვიჩენცას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტურისტულ გზამკვლევსა და ონლაინ აპლიკაციაში შეეყვანათ.




