მედია: დიდი სკანდალი: რატომ “აუჯანყდა’ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი და გადაიბირეს თუ არა ის რუსულმა სპეცსამსახურებმა?!

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა 2019-2021 წლებში იულია მენდელმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ფრანგ ჟურნალისტს, გაზეთ „ლე ჟუღნალ დუ დიმანშ“-ის (JDD – Le Journal du Dimanche – „კვირის გაზეთი“) კორესპონდენტს ალექსანდრე მენდელს, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „ექსკლუზივი: კორუფცია და ავტორიტარიზმი. ქალი, რომელიც ორი წლის განმავლობაში უკრაინის მეთაურის პრესმდივანი იყო, ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალს სდებს, რომ პრეზიდენტმა ომი თავისი პოლიტიკური გადარჩენის საფუძვლად გადააქცია“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

– თქვენ იყავით ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი ორი წლის განმავლობაში. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს და როდის გაგიჩნდათ ეჭვი პრეზიდენტის საქმიანობის მიმართ?

– დიახ, მე ორი წელი ვმუშაობდი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრეზიდენტის ყველაზე ერთგულ თანამოაზრეთა შორის ვიყავი. მოგეხსენებათ, პრესმდივანი თავისი სახელით არ ლაპარაკობს, ის არის, როგორც იტყვიან – „პრეზიდენტის ხმა“ და არ შეუძლია საჯაროდ მას შეეწინააღმდეგოს, თუმცა უკვე 2021 წლისათვის მე ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკულად ვუყურებდი. რა თქმა უნდა, ამას ყველა ვერ გრძნობდა. იგი აშკარად არასწორად მოქმედებდა – გაუფუჭდა ურთიერთობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ამერიკელ დიპლომატებთან, ანგელა მერკელთან…

შემდეგ კი [როცა უკვე პრესმდივანი აღარ ვიყავი], დაიწყო რუსეთის აგრესია. მე, ისევე როგორც უკრაინელთა უმრავლესობამ, დადებითად შევაფასე ის ფაქტი, რომ მან უკრაინა არ დატოვა, მაგრამ 2022 წლის ივნისიდან ყველაფერი შეიცვალა: მის გარემოცვაში [სადაც ბევრს ვიცნობდი], შევამჩნიე კორუფციის მექანიზმები, მანიპულაციები. ცენზურა ზედმეტად ძლიერდებოდა, დემოკრატია უკან იხევდა. მივხვდი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებაზე უფრო მეტად ზრუნავდა, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ბედზე – თანამემამულეთა სიკვდილისა და ნგრევის თავიდან აცილებაზე.

– დღეს ვინ არის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თქვენთვის?

– ჩემი აზრით, პრეზიდენტი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ჩამოყალიბდა არასწორი ხედვა – მსოფლიოსათვის ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინა ერთი და იგივეა. შესაბამისად, მანაც დაიჯერა, რომ ხელოვნურად შექმნილი სახე სრულიად ბუნებრივია. ვფიქრობ, რომ ზელენსკი დღეს ომის მთავარი ბენიფაციარია. სწორედ ომი აძლევს მას იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებაში დარჩეს – არჩევნების ჩატარება ხომ გაუქმებულია. პრეზიდენტის ირგვლივ ტრიალებენ ის კომპანიები, რომლებიც მისი გარემოცვის წევრებთან არიან დაკავშირებულნი და რომლებიც მილიარდობით მოგებას იღებენ. პრეზიდენტი ნარცისია და ასეთი ადამიანისთვის საერთაშორისო აპლოდისმენტები ძალიან ბევრს ნიშნავს.

– გამდიდრდნენ თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეგობრები ომის შედეგად?

– ამჟამად პრეზიდენტის მიერ თანამდებობებზე დანიშნული ბევრი ადამიანი და მისი გარემოცვის უმრავლესი წევრები კორუფციაში არიან დადანაშაულებულნი (…) ეს ფაქტი მოწმობს, რომ პრეზიდენტის გარემოცვა უკვე მაფიოზურ სტრუქტურად არის გადაქცეული. მე მათი პირადი საბანკო ანგარიშები არ მინახავს, მაგრამ რადგანაც რიგ თანამდებობის პირებს [ეროვნული ანტიკუფციული ბიურო და სპეცპროკურატურა] ბრალს უყენებენ, ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მათი შავი საქმეები იცოდა და იცის. ანკი როგორ არ უნდა სცოდნოდა? არის ორი ვარიანტი: ან ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე არაკომპეტენტურია, ან უბრალოდ, თვალს ხუჭავდა.

 მაგრამ დასავლეთის ლიდერთა უმეტესობა, მაგალითად, ჩვენი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც აგრძელებს ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მხარდაჭერას და მას გმირად თვლის…

– ამის მიზეზი რამდენიმეა. მათგან ერთ-ერთი – პოლიტიკურ მიზეზს წარმოადგენს: უკრაინამ მილიარდობით ევრო სწორედ საფრანგეთის აქტიური მოქმედებით, ანუ ემანუელ მაკრონის ძალისხმევით მიიღო. ახლა რომ ევროპელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკი იმ ადამიანად აღიარონ, როგორიც სინამდვილეში არ არის, როგორსაც საკუთარ თავს ასაღებს, ეს ხომ ევროპელი პოლიტიკოსებისათვის სირცხვილი და თავისმოჭრა იქნებოდა, ეს მათივე იმიჯს დააზიანებდა საკუთარი მოსახლეობის წინაშე: რატომ მიეცი ასეთ პიროვნებას ჩვენი ფული?

კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მიცემული ფულის უდიდესი ნაწილი იარაღის ლოკალური წარმოებისათვის იხარჯება, რომელიც უკრაინას გადაეცემა. ევროკავშირი ფულს უყოფს თავისი წევრ-ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს, ისინი იარაღს ამზადებენ და უკრაინას აწვდიან.

 როგორ თვლით – ამ დაუსრულებელი ომისა და მასობრივი კორუფციის პირობებში უკრაინელები ვოლოდიმირ ზელენსკის ისევ მხარს უჭერენ?

– ძალიან ცოტა. ვინც პრეზიდენტს მხარს ჯერ კიდევ უჭერს, ისინი ან სამთავრობო სტრუქტურებში და ხელისუფლების ორგანოებში მუშაობენ, ან არსებული რეჟიმისაგან გარკვეულ მოგებას იღებენ. უკვე დიდი ხანია, რომ ჩემი ნაცნობები გულწრფელად მეუბნებიან: უკრაინა ავტოკრატიად გარდაიქმნა. (…)

 დღეს მასმედია ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინა ბოლო დროს ომში წარმატებას აღწევს. ისეთი სიტუაციაა, რომ დონალდ ტრამპიც და მისი მომხრეებიც ამ პოზიციისაკენ იხრებიან…

– ბევრი მხოლოდ სამხედრო კატეგორიებით [რუსეთის ნავთობქარხნების დაბომბვებით და მათი აფეთქებებით] აზროვნებს, მაგრამ უკრაინელებისათვის, რომლებიც საომარ მოქმედებებს ყოველდღიურად საკუთარ თავზე განიცდიან, ეს არაფერს ცვლის. ჩვენ ვცხოვრობთ დრონების ყოველდღიური დარტყმების, რაკეტებისა და ბომბების ქვეშ. იცით, რაშია საქმე? რუსეთი თუნდაც აგებდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა იგებს. (…)

მე ყოველდღიურად ვხედავ, თუ როგორ ვკარგავთ ტერიტორიას, როგორ ინგრევა ჩვენი ქალაქები, როგორ იღუპებიან სამხედროები და სამოქალაქო მოსახლეობა… რუსეთიც ზარალდება, მაგრამ მას მეტი შესაძლებლობა აქვს…

– თქვენი აზრით, ვინ იგებს სინამდვილეში ამ ომს?

– არავინ – არც უკრაინელები და არც რუსები, არც ევროპელები და ამერიკელები… ერთადერთი, ვინც იგებს, არიან ისინი, ვინც ომით ხელს ითბობს – ზოგიერთი პოლიტიკოსი, ზოგიერთი ლობისტი… ფასს კი ხალხი სისხლით იხდის. უკრაინა უდიდეს ზარალს განიცდის ეკონომიკურად, დემოგრაფიულად… ჩვენ ვქრებით… ვხედავ, როგორ კვდება უკრაინა. მესმის დასავლეთის აპლოდისმენტები…

– როგორია დემოგრაფიული კატასტროფის მასშტაბები?

– 1991 წელს, ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ჩვენ 52 მილიონი ვიყავით. დღეს გამიკვირდებოდა, უკრაინის მოსახლეობა თუნდაც 25 მილიონი მაინც რომ იყოს დარჩენილი. ყოველწლიურად, ყველაზე მოკრძალებული გაანგარიშებით, ჩვენ 600 ათას ადამიანს ვკარგავთ მაღალი სიკვდილიანობის გამო: მოსახლეობის ნახევარი პენსიონერები არიან, შობადობა ისტორიულად დაბალ დონეზეა, ფრონტზე ათეულობით და ასეულობით ათასი მამაკაცი იღუპება… და რა თქმა უნდა, ემიგრაცია – ხალხი ქვეყნიდან ყველა გზით გარბის, ისინი ვეღარ უძლებენ თანამედროვე მრავალწლიანი ომის საშინელებებს. ჩვენ ქვეყნის შიგნითაც კი ვკარგავთ მომავალს… „იუნისეფის“ მონაცემებით, ხარკოვში ათი წლის ბავშვების 40%-მა წერა-კითხვა არ იცის…

– თქვენზე ამბობენ, რომ პრორუსული პოზიცია გაქვთ. რას ეტყოდით დასავლელ მკითხველებს?

– ვეტყოდი: „შეაჩერეთ ომი! გადაარჩინეთ უკრაინა!“. ხშირად ვიმოწმებ ფინეთის მაგალითს: დიახ, მან ხელი მოაწერა დამარცხების ზავს – დაკარგა ტერიტორია საბჭოთა იმპერიის სასარგებლოდ… მაგრამ იმავდროულად ქვეყნის ლიდერმა გადაარჩინა თავისი სახელმწიფო, თავისი ხალხი, თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

ყველაზე ადვილია ჩემი დადანაშაულება რუსეთისადმი სიმპათიაში და პრორუსულობაში – ეს ყველაზე იოლი არგუმენტია, მაგრამ უსაფუძვლო. მსოფლიოს ვერცერთი დაზვერვა ვერ დაადასტურებს ამ ბრალდებას, რადგან მე რუსეთთან არავითარი კავშირი არ მაქვს. დადანაშაულება იოლია, ვიდრე ომისაგან მიღებული ზიანის ღრმად გაცნობიერება და ანალიზი! მე ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი: თუ ვინმეს სურს რუსეთის გამარჯვება უკრაინელთა სისხლისა და მათი დაღუპვის ფასად, ესე იგი, მას ადამიანურობა დაკარგული აქვს. ის ჩემთვის ადამიანი არ არის. ამას ხმამაღლა და მკაფიოდ ვამბობ – იმიტომ, რომ ვხედავ და ვიცი: დრო იწურება!

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო