ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 626 მლნ ლარი იყო, წელს 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი, 2024 წელს კი 2 მილიარდ 508 მილიონი იქნება – 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტის

2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 626 მლნ ლარი იყო, წელს – 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს 2 მილიარდ 508 მილიონი იქნება, 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას“.
„მინდა აღვნიშნო რამდენიმე სიტყვით მზარდ ბიუჯეტზე. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მლნ ლარი. წელს ბიუჯეტი იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს 2 მილიარდ 508 მილიონი იქნება. 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტის. ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ, ასე ვთქვათ ფასადურად, არათუ ავითარებდა, არამედ მიზანმიმართულად ანგრევდა განათლების სისტემას.
რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ შარშან, ჩემი დავალებით, მასშტაბური პროგრამა დავიწყეთ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა ბოლო წლებში, ჩვენ დავიწყეთ 1000-ამდე ახალი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა და მინიმუმ მილიარდი ლარი დაიხარჯება ამ პროექტის ფარგლებში და ყველა სკოლა, 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული და აშენებული ერთიანი, შეიძლება ითქვას ევროპული სტანდარტის მიხედვით ყველა სკოლა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი შვილები, ჩვენი ბავშვები და ჩვენი მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს, იღებდნენ ცოდნას და ასწავლიდნენ ჩვენს შვილებს. შარშან უკვე დავაკონტრაქტეთ რამდენიმე ასეული სკოლა, წელსაც უკვე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და გაისად, 2024 წელს ასევე დაგეგმილია რამდენიმე, დაახლოებით 250-ამდე ახალი სკოლის ჩასმა, რეაბილიტაცია და მშენებლობაც“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ