არქივი19 აგვისტო, 2024, 20:45
ირაკლი ტაბლიაშვილი: აი, ამ ვითარებაში, შეიძლება თუ არა ქვეყნის მართვის ნდობა ივანიშვილისათვის?
"კურსკი!..
ცხადია, რომ უკრაინელები მოსკოვამდე ვერ მივლენ და არც უნდა მივიდნენ!.. თუნდაც იმიტომ, რომ ძალები მართლა არ ეყოფათ!
მაგრამ...
მაგრამ, რაც უკრაინელებმა უკვე მოახერხეს/გააკეთეს... უკვე ისტორიული ამბავია (თავს არ შეგაწყენთ ანალოგების და მასშტაბური ანალოგების გახსენებით)...
და კიდევ, მგონი, პირველადაა, რომ ოკუპანტ ქვეყანას თავადაც აქვს ოკუპირებულის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები!.. (ძალიან უნდა მოვერიდოთ და უკრაინის შეჭრას რუსეთში ოკუპაცია არ უნდა ვუწოდოთ).
×××
ახლა სხვა ამბავი - რუსეთის ხელისუფლება ალბათ საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს!.. უფრო სექტემბერში!.. მას ეს მობილიზაცია გარდაუვლად სჭირდება იმისათვის, რომ სწორედ კურსკის და ბელგოროდის მიმართულებები გაამაგროს ცოცხალი ძალით! საბოლოო მიზანი, ცხადია, დეოკუპაციაა!
თუმცა, ყოველგვარი ლოჯისტიკის და თავდაცვითი ზღუდეების გამართვის გარეშე მას ვერანაირი ცოცხალი ძალა ვერ უშველის!
მით უფრო ვერ უშველის იმ შემთხვევაში, თუ გათვლა იქნება ამგვარი - მივაწვებით უკრაინელებს და კუდით ქვას ვასრილინებთ!.. რაც უფრო მეტად გათვლიან სპრინტ-ბრძოლაზე, მით უფრო გადაიზრდება მარათონ-ომში.
რუსეთს მოუწევს მეტი საკუთარი მცოდნე შენაერთების მოხსნა დონბასიდან, რაც უკრაინას გაუიოლებს წინსვლას სწორედ აღმოსავლეთის მიმართულებით!.. და მოსკოვს, წესით, აღარ ექნება უკრაინის 20 % -ის გაკონტროლების შესაძლებლობა!
ამასობაში, ალბათ სადღაც ნოემბრის მიწურულიდან, ანუ, მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, ვინ შედის ოვალურ კაბინეტში იანვრის მიწურულს და მას შემდეგ, რაც უკრაინა უფრო წარმატებული იქნება ყველა მიმართულებით, პეკინიც კი მოასუსტებს მხარდაჭერას მოსკოვისათვის!
ამ ქალაქის მთავარ შენობაშიც ალბათ იქნება გარკვეული შიდა ძვრებიც.
ამასობაში, შეიძლება მართლა გადაიძაბოს ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთში!.. ცხელი კონფლიქტის გადადება არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი აღმოფხვრილია!..
ამ ამბავში ისრაელს აუცილებლად დასჭირდება ფართო გაგებით რეგიონის ზოგი ქვეყანა!.. (სტადიონს რომ აშენებს სამხედრო ბაზაზე, უპირველესად ის).
ირანი მართლა სამ ნაბიჯშია ბირთვული ბომბის შექმნასთან და... მას (და ყველა არადემოკრატიულ ქვეყანას) ამის უფლება არ აქვს (მეტიც, ოდესმე დადგება რუსეთისათვის ამ ბომბის ან შემცირების ან ჩამორთმევის საკითხი).
ახლა ვთქვათ მთავარი ამბავი - სადღაც ოქტომბრისათვის უკრაინამ შეიძლება მეორე ფრონტი გაუხსნას რუსეთს! ამჯერად ყირიმის მიმართულებით! მოსუსტებულ და კურსკზე გადართულ მოსკოვს ნახევარკუნძულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება!
და კიდევ - ვინ გამორიცხავს ახალ ომის ხაზებს კარელიაში და იტურუპისა და კუნაშირის, ანუ - კურილის კუნძულების მიმართულებით? არათუ იაპონიას, არამედ, ფინეთსაც არ გაუჭირდებათ წარმატებების მიღწევა, თუ...
და ამ თუ-ს შემდეგ უნდა ვთქვათ უმთავრესი - თუ პუტინი მორიგ შეცდომას დაუშვებს; საყოველთაო ჩავარდნილი მობილიზაციის შემდეგ ახალ ავანტურაზე წავა და... ღმერთმა უწყის, სად ჩამოაგდებს თავის ბოლო იარაღს - ბირთვულ ტაქტიკურ ბომბს!..
უმთავრესზე უმთავრესი კი ეს კითხვაა - აი, ამ ვითარებაში, შეიძლება თუ არა ქვეყნის მართვის ნდობა ივანიშვილისათვის?" - წერს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.