ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასდროს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებასა და იმ ფასეულობების დაცვაზე ესაუბროს, „რომელიც 2011 წლის 26 მაისს თავად სისხლში ჩაახშო“.
„მოგეხსენებათ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა 26-მა მაისმა, ჩვენი დამოუკიდებლობის დღემ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი სხვა თვალსაზრისითაც გახლდათ აღსანიშნი. რადიკალურმა ოპოზიციამ, უსამშობლოებმა როგორც მათ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვუწოდებთ, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს, საპროტესტო აქცია დააანონსა. ყველას კარგად გვახსოვს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მათ ამ ნაბიჯზე, ნაბიჯზე, რომლითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათში არაფერია არც ქართული და არც სახელმწიფოებრივი. თუმცა უსამშობლოების ამ გადაწყვეტილებაში არაფერია გასაკვირი, თუ გავიხსენებთ რა ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, როცა მათი რეჟიმით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეები, ასეულობით ადამიანი, რომელთაც ამის დაფიქსირება საჯაროდ გაბედეს, 4 მხრით გამოიმწყვდიეს, გასაქცევი არ დაუტოვეს და იმდენად ბრუტალურად გაუსწორდნენ, რომ ასეულობით დასახიჩრებულ ადამიანს პირდაპირ საავადმყოფოს იატაკზე ყრიდნენ. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა დანაშაულს, რომელიც რეჟიმმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაიდინა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად გუშინაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ იმავეს.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქართული არაფერი სცხია და როგორც წარსულს, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს. ტრაგედიაა, რომ ჩვენს ხალხს მოუწია ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც სულიკო ასათიანის და მისი მსგავსი დანაშაული საშინელებათა ფილმის სცენარი კი არა, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა იყო. ყოველდღიურობა რომელშიც არათუ რეჟიმის კრიტიკა, არამედ თავისუფლად საუბარიც კი დასჯადი იყო. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ის რეალური სახე, წესი და რიგი, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ – თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ. წარმოიდგინეთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულის შედეგადაც კი მოახერხეს, რომ ტერორით, მუქარითა თუ მოსყიდვით საზოგადოების მღელვარება ჩააცხრეს და რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში, ამ ყველაფრის დაკანონებასაც შეძლებდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი დიდი დრო დაგვჭირდა, რომ სულიკო ასათიანის ოჯახის წერებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის არაადამიანობაზე და მათ მიერ ჩადენილ გაუგებარ ბოროტებაზე ხმამაღლა ესაუბრათ.
გამაოგნებელია, რომ ეს დანაშაულებრივი ძალა, რომელმაც ჩვენს ხალხს წლების განმავლობაში ჯოჯოხეთი გამოატარა, დღეს ბედავს და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს. ძალა, რომლის მმართველობის პირობებში ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, აშინებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ვერასდროს იქნება თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით მოსაუბრე. „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო. ეს არის უსამშობლო ძალა, რომელიც წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს ძალადობის, შიშის, ტერორის, უსამართლობისა და ადამიანის უფლებებისა თუ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლის ფეხქვეშ გათელვის ეტალონს საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს. არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სამართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას. არავის მივცემთ ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის დაზიანების უფლებას”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
2025 წელს ჩაბარებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 26 გვერდისგან შედგება, ის ფლობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 2752 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2023 წელს ჩუქებით მიიღო. 2021 წელს ჩუქებით აქვს მიღებული მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში მდებარე 6 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 44 559 კვადრატული მეტრია. 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში 2300 კვ.მ., ხოლო 2016 წელს ჩუქებით მიიღო 497 კვ.მ მიწა თბილისში.
ის ასევე ფლობს რამდენიმე ავტოფარეხს. 2021 წელს ჩუქებით მიიღო ავტოფარეხი ყაზბეგში, სოფელ გუდაურში. თბილისში აქვს 2016 და 2018 წლებში შეძენილი ავტოფარეხები 21000 და 10000 ლარად.
2020 წელს ორი, 59,7 კვ.მ და 34,5 კვ.მ სახლი ჩუქებით აქვს მიღებული თბილისში. ამავე წელს, თბილისში 49,62 კვ.მ სახლი იყიდა 65100 ლარად. 2016 წელს 126000 ლარად იყიდა თბილისში 168,6 კვ.მ სახლი და 388000 ლარად 163,8 კვ.მ ბინა. მის სახელზეა ორი საკუჭნაო და ტექნიკური სათავსო თბილისში.
დეკლარაციაში ასახულია მისი შვილის, იოსებ კირცხალიას სახელზე არსებული ბინა (112,2 კვ.მ) თბილისში, რომელიც 2014 წელს 130000 დოლარადაა შეძენილი, ასევე ბინა სოფელ გუდაურში, რაშიც 45000 დოლარია გადახდილი.
მისი მეუღლე, სალომე ირემაშვილი კი ფლობს მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში და ბინის 50%-ს თბილისში. ორივე შეძენილია 2014 წელს, შესაბამისად 2500 და 20 000 ლარად.
ირაკლი კირცხალია სამ ავტომობილს ფლობს: 2021 წელს 27000 დოლარად იყიდა TOYOTA CAMRY
HYBRID, ასევე ფლობს SKODA SUPERB-ს, 2025 წელს კი შეიძინა LAND ROVER RANGE ROVER, რაშიც 150000 ევრო გადაიხადა. მისი მეუღლის სახელზეა PORSCHE MACAN S, რომელიც შეძენილია 2019 წელს 30000 დოლარად.
ირაკლი კირცხალიას ნაღდი ფულის სახით აქვს 82 000 დოლარი, ასევე 780 000 ლარის საბანკო დეპოზიტი, საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 5353 ლარი, საკრედიტო ბარათზე ლიმიტის 6848 ლარიანი ათვისება, სადებეტო ბარათზე კი 1335 ლარი.
ის ფლობს რამდენიმე კომპანიას (100%-იან წილს), სადაც წილის მმართველებია დანიშნული. კერძოდ, მის საკუთრებაშია: შპს EPIC DEVELOPMENT, შპს ლაითური აგრო საქართველო, შპს ვისტა მთაწმინდა, შპს ემ ფროფერთი, შპს ევროენი, შპს ჯი დი ფროფერთი.
გასულ წელს ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის წევრის პოზიციაზე 45834 ლარი მიიღო.
დოკუმენტში ასახულია 2024 წელს მოგზაურობაზე გაწეული ხარჯი 6 000 დოლარის და 40 300 ლარის ოდენობით.




