„ტვ პირველის“ განცხადებით, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ მათ შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. რის გამოც „ტვ პირველი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს.„ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას „ტვ პირველის“ შესახებ. დღეს, 16 აპრილს საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“, გადმოცემული ინფორმაცია, რომ თითქოს ტვ პირველს, ქართულ ოცნების მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაავალა ვინმე ბლაჟვიჩმა არის ტყუილი, დეზინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ეფუძნება არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს.განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული მასალის მომზადების პროცესში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი არ დაუკავშირდა ტელეკომპანია „პირველს“ საპასუხო კომენტარის მისაღებად, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.ტელეკომპანია „პირველი“ მოითხოვს:დაუყოვნებლივ შეწყდეს დეზინფორმაციის გავრცელება;მკაფიოდ და სრულად გაშუქდეს ჩვენი არხის ოფიციალური პოზიცია ტელეიმედის საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც გადაიცა ყალბი ინფორმაცია.მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ვაცხადებთ, რომ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას“, – ნათქვამია „ტვ პირველის“ განცხადებაში.



