თუ შინაური ცხოველის თავდასხმა ადამიანის ჯანმრთელობას დააზიანებს, მეპატრონეს პატიმრობა ემუქრება - ახალი კანონის დეტალებს იურისტი განმარტავს
ქვეყანაში ძაღლისა და კატის ყოლისა და მიკედლების წესები გამკაცრდება - კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 2023 წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს. ის 27 პუნქტისგან შედგება და ბევრ საკითხს შეიცავს, რომელიც მიმართულია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის სტანდარტიზაციაზე, ასევე ადგენს ჯარიმებსა და სადამსჯელო ღონისძიებებს დადგენილი წესების დარღვევაზე.
კანონპროექტის მიხედვით ყველაზე დიდი ჯარიმა შინაური ცხოველის მიტოვებაზეა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი აცხადებს, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 3 000 ლარია, იურიდიული პირისთვის - 5000.
„ეს საკმაოდ მაღალია ჯარიმაა, მაგრამ ვფიქრობ იმიტომაა ჩაწერილი დიდი თანხა, რომ პრევენცია მოხდეს და მიტოვების შემთხვევებმა იკლოს; შინაურ ცხოველს სავალდებულო რეგისტრაციას თუ არ გავატარებთ, ჯარიმა 100 ლარია; თუ სავალდებულო ვაქცინაციას არ გაუკეთებთ 100 ლარია; სკოლის, სუპერმარკეტის, აფთიაქის, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე შინაური ცხოველის შეყვანაზე ჯარიმა 50 ლარია; პარკში ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე - 150 ლარია.“, - ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.
ამას გარდა, იურისტი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები. თუ შინაური ცხოველი მოახდენს თავდასხმას ადამიანზე, რაც გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით აღკვეთის სახით ღონისძიება 2 წლამდე, ან შიდა პატიმრობა 4 წლამდე.
გვანცა ჟორჯოლიანის თქმით, კანონპროექტი ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ, რომ ეს არის პირველი მცდელობა სახელმწიფოში შევიმუშაოთ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის გარკვეულ სტანდარტები. ამას გარდა, მან კანონის ძალაში შესვლის ეტაპებზეც ისაუბრა.
„კანონპროექტი არის დამუშავების პროცესში და სხვადასხვა ორგანიზაციების, ექსპერტების, ვეტერინარების ჩართულობით დაიხვეწება. კანონი თუ დამტკიცდა, ის ითვალისწინებს ძალაში შესვლის გარკვეულ ვადებს: ზოგადი ვარიანტი ძალაში შედის 2024 წლის 1 ივლისიდან. ეს თეორიული ნაწილია, პრაქტიკული ნაწილი 2025 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. შესაბამისად, სახელმწიფოსა და მოქალაქეებსაც ექნება იმის დრო, რომ გაითვალისწინონ რა ცვლილებები შედის კანონში“, - აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.