თუ არ არის ამხანაგობა, 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლაზე მესაკუთრეს ვისი თანხმობა სჭირდება? - იურისტი კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობს
„თუ არ არის ამხანაგობა, 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლაზე მესაკუთრეს ვისი თანხმობა სჭირდება? ისევ მეზობლების 2/3-ის, თუ ყველა მეზობლის?“ - აღნიშნულ კითხვას რადიო „კომერსანტის“ ეთერში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის განხილვისას სვამს და კანონპროექტის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, მის ხარვეზებზეც საუბრობს. მისი თქმით, კანონი მაშინაა ზუსტი, როდესაც არ სვამს კითხვებს. ვიმედოვნებ, რომ როცა კანონპროექტის განხილვა მოხდება კომიტეტებში, ამის განხილვა და დაზუსტებაც მოხდება.
„კანონპროექტით იკრძალება მრავალბინიან სახლებში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა. თუ მეპატრონეს სურვილი აქვს 3-ზე მეტი შინაური ცხოველი იყოლიოს, ბინათმესაკუთრეთა თანხმობაა საჭირო. კანონპროექტში დასაკონკრეტებელია ერთი დეტალი - ამხანაგობის შესახებ კანონით თუ ვისარგებლებთ და ვიხელმძღვანელებთ, მაშინ მეზობლების 2/3-ის თანხმობა სჭირდება. თუ არ არის ამხანაგობა, 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლაზე მესაკუთრეს ვისი თანხმობა სჭირდება? ისევ მეზობლების 2/3-ის, თუ ყველა მეზობლის? კანონი მაშინაა ზუსტი, როდესაც არ სვამს კითხვებს. ვიმედოვნებ, რომ როცა კანონპროექტის განხილვა მოხდება კომიტეტებში, ამის განხილვა და დაზუსტებაც მოხდება“, - აცხადებს იურისტი.
მისი თქმით, კანონპროექტში ყველაზე მისაღები და მოსაწონი ის არის, რომ ისაზღვრება ყველა სუბიექტი, ვისაც შეხება აქვს შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობასთან.
„შეიქმნება საერთო ერთიანი ბაზა შინაური ცხოველების რეგისტრაციის. ამ ერთიან ბაზაზე წვდომა ექნება როგორც ვეტერინარულ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს და თავშესაფრებს. კანონპროექტით, სახელმწიფო დონეზე, გათვალისწინებულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 15 გამტარი თავშესაფრის აშენება და ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამისათვის დიდი და სოლიდურო თანხებია გათვალისწინებული კანონპროექტის საბიუჯეტო ნაწილში. ამასთან, თავშესაფრებსაც ექნებათ კასტრაცია-სტერილიზაციის შესაბამისი აღჭურვილობა უპატრონო ძაღლებისთვის“, - აცხადებს გვანცა ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, ყველა მეპატრონე, რომელიც ფლობს შინაურ ცხოველს, სავალდებულო ხდება,რომ დაარეგისტრიროს შინაური ცხოველი ან ვეტერინარულ დაწესებულებაში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის დაწესებულებაში. ყველა რეგისტრაცია იქნება სავალდებულო, თუ არ დავარეგისტრირებთ ჩვენ შინაური ცხოველებს, კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმა 100 ლარია.
„რეგისტრაცია ძალიან პოზიტიური საკითხია. პირველ რიგში, ვიცავთ შინაურ ცხოველებს, მათ იდენტიფიკაციას ვახდენთ. როდესაც დარეგისტრირდება შინაური ცხოველი - ძაღლი ან კატა, იქ ხდება მისი გარეგნობის, ასაკის, შეხედულების, ჯიშის დოკუმენტაცია. ეს იმიტომ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს გამრავლების ახალი სტანდარტების შემოღებას. ახლა ეს თვითნებურია. მეპატრონე თავად წყვეტს თავისი შინაური ცხოველის პოპულაციას. თუ კანონი ძალაში შევა, პოპულაცია იქნება შესაბამისი დაწესებულების კონტროლის ქვეშ. მეპატრონეს, ვისაც სურვილი ექნება, რომ თავის შინაური ცხოველი გაამრავლოს, ვალდებულია აიღოს მოწმობა კინოლოგისგან და ცალკე ვეტერინარული კლინიკიდან, რომ ცხოველი არის ჯანმრთელი და ამის შემდეგ უნდა მივიდეს საშენში, სადაც მოხდება მისი ცხოველის შეჯვარება“, - განმარტავს იურისტი.
ამას გარდა, კანონპროექტი განსაზღვრავს მომატებული რისკის მქონე ძაღლების მოვლა-პატრონობის წესს. განსაზღვრულია 30 ჯიში (პიტბული, ნაგაზი, რუმინული ნაგაზი, დოგი და ა.შ.) და ის, თუ ვის აქვს უფლება იყოლიოს მომეტებული რისკის მქონე ძაღლები.
„მომეტებული რისკის მქონე ძაღლის ყოლისთვის მეპატრონე უნდა იყოს 18 წლიდან ზემოთ, უნდა წარადგინოს როგორც ნარკოლოგიური, ასევე ნასამართლობის ცნობა, ვალდებულია დაარეგისტრიროს ძაღლი, როგორც ვეტერინარულ კლინიკაში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, წელიწადში 2-ჯერ გაუკეთოს ვაქცინაცია და ა.შ.“, - ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ რეგისტრაციისას კეთდება ჩანაწერი ცხოველის გარეგნობის შესახებ. იმიტომ, რომ კანონით იკრძალება არასაჭირო ოპერაციების ჩატარება.
„ხშირად კეთდება ხოლმე ყურების მოჭრა, კუდის მოჭრა, უზიანებენ იოგებს, უწყვეტენ ხმას გარკვეული ჯიშს ძაღლების. ვეტერინარმა უნდა დაამტკიცოს, რომ კუდის კუპირება, ან ყური კუპირება იყოს საჭირო სამედიცინო ჩარევა“, - ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება გასეირნების წესებს, კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება შინაური ცხოველების გასეირნება საბავშვო ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების ტერიტორიაზე, აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში. ტრანსპორტირებისას აუცილებელია, რომ დიდი ზომის ძაღლს აუცილებლად ჰქონდეს როგორც ალიკაპი ასევე საბელი, ხოლო პატარა ცხოველების შემთხვევაში მათი გადაადგილება და ტრანსპორტირება მოხდეს სპეციალური კონტეინერით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.