გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას – მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს – “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის რამდენიმე სიჩქარის გადაჭარბების გამო.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დედა-შვილი ზებრა-გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც მათ დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი ანა ბერიანიძის ბიძაშვილი და გორის საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ ავტომობილში, რომელსაც რევაზ ელიზბარაშვილი მართავდა, ამჟამად დაკავებული ბიზნესმენის შვილების გარდა, მისი დეიდაშვილებიც ისხდნენ, მძღოლის მსგავსად ისინიც ნასვამები და მათ დედა-შვილი განსაცდელში მიატოვეს.
– ანა რვა წლისა დაობლდა და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია… იმ დღეს მეუღლესთან ერთად წავიდა ქალაქში, ახალი ბინა იყიდეს და ნივთებს ალაგებდნენ. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, ქმარი სალონში შევიდა, ანა კი ბავშვისთვის რაღაცის საყიდლად მართასთან ერთად მაღაზიისკენ წავიდა. იმ საღამოს გორის სკვერში კონცერტი იყო და ნახევარი ქალაქი არასწორად გადაკეტეს. იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ხუთი მხრიდან შედიოდნენ მანქანები, კონცერტი ამაღლებულ ადგილზე იყო, ხალხი მანქანებით გადაადგილდებოდა. გზა არ იყო სრულად გადაკეტილი და მძღოლების უმრავლესობა ვერ იგებდა, საით უნდა წასულიყო, წრეს არტყამდნენ, რომ როგორმე გასულიყვნენ, იქვე პოლიციაც ტრიალებდა…
კომუნისტების დროსაც მოვესწარი და ქალაქი იკეტებოდა 1-ელ მაისს, 9 მაისსა და 7 ნოემბერს. ამ დროს მთელი ქალაქი კონსტრუქციებით იყო ჩახერგილი, მოსახლეობა და მძღოლები – გაფრთხილებული, რომ ამა და ამ საათიდან ამა და ამ ქუჩებზე გადაადგილება იყო აკრძალული. ახლა ისე მიხვალ მაგ ადგილზე, ისე დაგაჯარიმებენ, ისე მოგივა უბედურება, რომ ვერც გაიგებ… მაგრამ მთავარი დაუსჯელობის სინდრომია. ერთ-ერთი ინსპექტორი, გვარს ვერ დავასახელებ, სამი თვის წინ გამოეკიდა დიდი სისწრაფით მიმავალ ელიზბარაშვილს, რომელიც არ დაემორჩილა და არ გააჩერა, მერე საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. მძღოლი მანქანიდან უგონოდ მთვრალი გადმოვიდა. მანქანის უკანა მინა ჩამოწეულა, სუს-ის თანამშრომლები მსხდარან და პოლიციელისთვის უთქვამთ, ვის უბედავ შემოწმებას, აი, ესენი ვართ, გაეთრიე აქედანო. ელიზბარაშვილს უთქვამს, ხვალვე დაგაწერინებენ პატაკს და სამსახურიდან გაგიშვებენო. პოლიციელი შოკში ჩავარდნილა. აი, ასეთ მდგომარეობაში ჰყავთ ჩინოვნიკებს ჩაყრილი პოლიციელებიც. არ იციან, ვის დაუჯერონ, ვინ დასაჯონ, ან ვინ არ დასაჯონ.
მწვანე აქვთ ანთებული„”ქართული ოცნების” აქტივისტებს, დამფინანსებლებს, კოორდინატორებს, უბნის კომისიის წევრებს და ა.შ. პატიოსან ადამიანს რამე შეცდომა რომ მოუვიდეს, იმას ხომ არ დაინდობენ?!
კაცს 225 ჯარიმა რომ ჰქონდა გამოწერილი და “ლუკოილიდან” ნატახტრის შესასვლელამდე 16 წუთში სამი ჯარიმა რომ მიუვიდა, რანაირად ჩავიდა ადგილზე? პირველი ხომ არ იყო ელიზბარაშვილის თარეში ქალაქში? ჯერ მარტო 25 000 ლარამდე ჯარიმა ჰქონია გადახდილი დარღვევებისთვის. გასულ წელს რესტორანში პოლიციელს იარაღის ტარი ურტყა თავში.
მფარველები ჰყავს, მაგალითად, ყოფილი მერი ლადო ხინჩიგაშვილი, თავად “ქართული ოცნების” აქტივისტია. სუს-სა და პოლიციაშიც ჰყავს დეიდაშვილები თუ ბიძაშვილები, ამიტომაც არ ჩამოართვეს მართვის მოწმობა ასეთ ქრონიკულ დამრღვევს.
არადა, მასაც 9 და 12 წლის შვილები ჰყავდა მანქანაში. თვითმხილველები ამბობენ, ისინი მანქანიდან გადმოხტნენ და გაიქცნენო. მძღოლიც გაიქცა. ახლა ამბობენ, თითქოს ადგილზე აიყვანეს, არადა, პატრული გამოეკიდა და სახლში აიყვანეს. ამ ადამიანმა საკუთარი შვილები არ დაინდო, ისეთი სტრესი მიიღო უმცროსმა შვილმა, თურმე ვერ ლაპარაკობს.
მისი ცოლის მშობლები ჩემი მეგობრები არიან, დაღუპული ჰყავდა ოჯახი, ნარკომანმა სახლ-კარი გააყიდვინა, თამაშობდა, სრული გარეწარია. ამბობენ, რომ ალკოტესტში ალკოჰოლი ამოუვიდა, სხვებმა თქვეს, რომ სასმელთან ერთად მოწეულიც ჰქონდა.
ჩემი ანა 12 წელი უცხოეთში, საბერძნეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად (დეიდაჩემი საბერძნეთის მოქალაქეა, იქ ცხოვრობს და მასთან იყო). საოცრად მოწესრიგებული იყო, დაუდევრად არ გადავიდოდა გზაზე. ვიდეოში ჩანს, როგორ გაიხედ-გამოიხედა, გზაზე არაფერი იყო, ხალხი ჩვეულებრივ გადადიოდა. ერთი ნაბიჯიღა აკლდა, ბორდიურზე რომ ასულიყო, როცა მანქანამ დაარტყა და დედა-შვილი 30 მეტრში გადააგდო… ასეთ მონაკვეთში როგორ შეიძლება 120-ით იარო? იქ მთავარ გზას ხუთი ქუჩა უერთდება და ამ გზაგასაყარზეა ზებრა-გადასასვლელი, შუქნიშანი არ არის და მანქანა რომ შემოუხვევს, არ ჩანს, გზაზე თუ ვინმე გადადის.
დღეს მითხრეს, რომ მანქანაში ოთხი ბავშვი იჯდა – ორი თავისი და ორი დისშვილი. ჯიპის უკან წითელი მანქანა ჩანს კადრში, ეს ცოლი მისდევდა მათ, ვინაიდან მთვრალები იყვნენ. ავარიის მერე ეს ბავშვები იმ წითელ მანქანაში სხდებიან. ხან ამბობენ, საჭესთან ელიზბარაშვილის 12 წლის შვილი იჯდაო, ხან დისშვილი და ეს იბრალებსო.
როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაასამართლო ადამიანების სიცოცხლის მომსპობი? ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა. მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, მკვლელი ხარ, რად უნდა ამას ლაპარაკი?! სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა გამოუტანონ. ორი ადამიანი შეიწირა და დანარჩენებიც დაგვხოცა. მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა. ანა იქვე გარდაიცვალა, იმიტომ რომ მანქანამ დაარტყა და მერე ზედ გადაუარა. მთლად დაჩეჩქვილია, ხელ-ფეხი აღარ აქვს, ყველაფერი დაკეპილი აქვს… მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო. მართას ტვინი ჰქონდა გასხმული, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არისო, თქვეს, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს… შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს…
არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას – 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზა ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება.
არ შეიძლება ნასვამი მძღოლები საჭესთან, ისინი პოტენციური მკვლელები არიან… მარტო მან კი არა, ვინც მის მანქანაში იჯდა, მათაც პასუხი უნდა აგონ. ავტომატს გადაიკიდებ თუ ნასვამი ან “დაბოლილი” ივლი, რა განსხვავებაა? ეს მკვლელების ქვეყანაა. ქალაქი უპატრონოა… კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს ქვეყანაში, ავარია ავარიაზე, ამდენი მსხვერპლი. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დამთავრდეს ეს კოშმარი?!
უამრავი უცხო ადამიანი მოდის სამძიმარზე, ისეთებიც, ვისი ოჯახის წევრიც ანალოგიურ ავარიას ემსხვერპლა. ნახევარ მილიონზე მეტი სამძიმრის წერილი მოვიდა. ოჯახები ნადგურდება, ერი იღუპება და დროა, ამ პრობლემის გარშემო გაერთიანდეს საზოგადოება, იქნებ რაღაცას მივაღწიოთ.
P.S. ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებში 5 324 კაცი დაიღუპა. მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 კაცი ემსხვერპლა – მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი. ავტოსაგზაო შემთხვევების 43% თბილისში ხდება.




