თბილისში აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ქალაქ თბილისში, ირაკლი აბაშიძის N20-ში, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.
საკრებულოს ინფორმაციით, გოჩა ჩოგოვაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი იყო წლების განმავლობაში, გახლდათ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრი, დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში. პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია.
„მრავალი წლის განმავლობაში დიდი მეცნიერი, ბატონი გოჩა ჩოგოვაძე, ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდას, მათ განათლებას, მან დიდ წარმატებებს მიაღწია დიპლომატიურ სამსახურში, აგრეთვე დიდია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წინაშე და ეს მემორიალი არის ის მცირედი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მისი სახელის უკვდავსაყოფად“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
„აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე უდიდესი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წელი არ იყო გასული, მემორიალური დაფის განთავსება სამართლებრივად ვერ ხერხდებოდა. საკითხის გამონაკლისის სახით განსახილველად აუცილებელი იყო ქუჩისთვის სახელის მინიჭება. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს მოხდა ქუჩის სახელდება. ჩვენი მიზანია ყველა საზოგადო მოღვაწე სათანადოდ დაფასდეს, მემორიალური დაფის განთავსებაც სწორედ აღნიშნულს ემსახურება“, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სტუდენტები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე