"თანასოფლელის სახლში ფარულად შევიდნენ" – კახეთში ძარცვის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბულმა ბრალდებულებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, თანასოფლელის - ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში, თანხის მითვისების მიზნით, ფარულად შეაღწიეს, თუმცა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.