ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტები”-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურა სიხარულიძე:
არ ვიცი, რა უბედურება ტრიალებს ბოლო ერთი კვირაა, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ყოველდღიურად მირეკავენ და მეუბნებიან ზედოზირების ახალ შემთხვევებზე. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა, როგორც მეუბნებიან, სიკვდილითაც დასრულდა.
ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ზოგიერთი შემთხვევის კლინიკური სურათი მაფიქრებინებს ძლიერ სინთეზურ ოპიოიდებზე.
შესაძლოა ნარკოტიკულ ბაზარზე კვლავ გამოჩნდა ფენტანილი ან მისი ძალიან ძლიერი ანალოგები, მათ შორის კარფენტანილი, ან შესაძლოა გავრცელდა ნიტაზენების ჯგუფის სინთეზური ოპიოიდები. ნიტაზენების ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან ძლიერია და დაკავშირებულია მძიმე და ფატალურ ზედოზირებებთან. მათი აღმოჩენა ჩვეულებრივ ტოქსიკოლოგიურ ტესტებში ყოველთვის მარტივი არ არის.
მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სავარაუდო მიზეზებია — საბოლოო პასუხი ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს.
უნდა ჩატარდეს ზედოზირების შემთხვევების სისტემური ტოქსიკოლოგიური კვლევა და საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია:
* რა ნივთიერებები აღმოჩნდა მძიმე ზედოზირების შემთხვევებში;
* რა ნივთიერებები აღმოჩნდა გარდაცვლილთა ნიმუშებში;
* არის თუ არა აღმოჩენილი ფენტანილი, კარფენტანილი ან ნიტაზენების ჯგუფის სინთეზური ოპიოიდები;
* ხომ არ არის საქმე სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელებასთან;
* არის თუ არა ერთი და იგივე ნივთიერება აღმოჩენილი სხვადასხვა ქალაქსა და სხვადასხვა შემთხვევებში.
სასწრაფოდ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ქვეყანაში. არ შეიძლება ყოველდღიურად გვქონდეს ახალი ზედოზირების შემთხვევები და საზოგადოებამ არ იცოდეს, რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე.
თუ ადამიანს ვერ აღვიძებთ, სუნთქავს ძალიან ნელა ან ზედაპირულად, აქვს ხვრინვის/გურგულის მსგავსი ხმები, ტუჩები ან ფრჩხილები ულურჯდება — მოიქეცით ისე, როგორც ზედოზირების დროს.
1. დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.
2. თუ გაქვთ ნალოქსონი — გამოიყენეთ დაუყოვნებლივ.
ძლიერი სინთეზური ოპიოიდების შემთხვევაში ერთზე მეტი დოზა შეიძლება გახდეს საჭირო.
3. თუ 2–3 წუთში ნორმალური სუნთქვა არ აღდგა, გაიმეორეთ ნალოქსონი და გააგრძელეთ დახმარება.
4. თუ ადამიანი არ სუნთქავს ან სუნთქვა არასაკმარისია — დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვა, თუ ამის გაკეთება იცით.
5. თუ სუნთქავს, მაგრამ უგონოდაა — დააწვინეთ გვერდზე, რათა ღებინების შემთხვევაში არ მოხდეს ასპირაცია.
6. არ დატოვოთ მარტო. ნალოქსონის მოქმედება შეიძლება დროებითი იყოს და ზედოზირების სიმპტომები დაბრუნდეს. სასწრაფო დახმარება აუცილებელია მაშინაც კი, თუ ადამიანმა ნალოქსონის შემდეგ გაიღვიძა.
თუ ამ დღეებში ვინმეს ნარკოტიკის გამოყენების შემდეგ უჩვეულოდ სწრაფად დაეწყო ძლიერი ძილიანობა, გონების დაკარგვა ან სუნთქვის შენელება, ეს არ უნდა ჩაითვალოს უბრალოდ „ცუდად გახდომად“ — ჩათვალეთ შესაძლო ზედოზირებად და იმოქმედეთ დაუყოვნებლივ.
სასწრაფოდ გვითხარით — რა ნივთიერებები ტრიალებს დღეს საქართველოში? რამდენი ზედოზირება გვაქვს და რამდენი ადამიანი გარდაიცვალა?
ეს ინფორმაცია არ არის დასამალი. ეს ინფორმაცია შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.




