ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს. ზურა ჯაფარიძემ ბორკილების დადებისას საზოგადოებას მიმართა: “ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”.
დღევანდელი პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია