ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს!
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) 2026 წლის გენერალური ასამბლეა გაიმართა.
გენერალური ასამბლეა რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის პრესტიჟულ შენობაში ჩატარდა და მკაფიო გზავნილს ატარებდა – ევროპული საჭადრაკო საზოგადოება ერთიანია თავის მოწოდებაში, რომ ჭადრაკი ოლიმპიურ სპორტად იქნას აღიარებული.
ასამბლეის გახსნის ცერემონიას, ჭადრაკის სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად, საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ტანვარჯიშში ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ჩემპიონი ნადია ელენა კომანეჩი და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონი მიჰაი კლაუდიუ კოვალიუ.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მას ნდობა 35-მა ევროპულმა ფედერაციამ გამოუცხადა, ხოლო მისმა მეტოქემ, პოლონეთის წარმომადგენელმა, ლუკაშ ტურლეიმ, 11 ფედერაციის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო საფრანგწთის წარმომადგენელმა ბაშარ კუატლიმ 7 ხმა მიიღო. შედეგად, ქართველი დიდოსტატი ევროპის საჭადრაკო კავშირს 2030 წლამდე უხელმძღვანელებს!
აღსანიშნავია, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად პირველად 2014 წელს, ნორვეგიაში გამართულ არჩევნებზე აირჩიეს, შემდეგ კი ამ თანამდებობაზე 2018 და 2022 წლებში ხელახლა აირჩიეს.
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ვაჟი მოჭადრაკე;
საერთაშორისო დიდოსტატი;
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული პერფორმანსით (ელისტა, 1998);
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი I დაფაზე (1998);
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2001);
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონი (2003);
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის;
ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული და მრავალგზის პრიზიორი;
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების ლიდერი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე (1992–2004);
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1998–2000);
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი (2000–2004);
შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტი (1994–2004);
ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი (2002–2010);
სპორტის რაინდი;
ფიდეს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდოს – „ბოტვინიკის ხე“ – მფლობელი;
ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი;
ღირსების ორდენის კავალერი;
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი;
ბათუმის საპატიო მოქალაქე.




