აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანამდებობაზე ყოფნის დროს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ურთიერთობები თითქმის ჩამოიშალა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიევმა შუშის მე-4 გლობალური მედია ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
ამასთან, ალიევმა აზერბაიჯანისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წლის სექტემბრამდე აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არანაირი სანქციის წინაშე არასდროს დამდგარა.
როგორც ალიევმა განაცხადა, ასამბლეამ „ქვეყნის დასჯა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბაქომ თავდაცვის ლეგიტიმური უფლება გამოიყენა და საკუთარი ტერიტორია დარჩენილი სეპარატისტებისგან გაათავისუფლა“. მისი თქმით, 2024 წლის იანვარში ასამბლეამ კენჭისყრაზე დააყენა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი და მას ხმის უფლება ჩამოართვა. ალიევის თქმით, ეს ნაბიჯი ადამიანის უფლებებს დაუკავშირეს, „თუმცა რეალური მიზანი აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღდგენისთვის დასჯა იყო“.
„თუ ხმის მიცემის უფლება არ გვაქვს, რა აზრი აქვს იქ ყოფნას? მას შემდეგ ჩვენ აღარც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მოსამართლეების არჩევნებში მიგვიღია მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანი არ აღიარებს ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში სერიოზულად განიხილებოდა არა მხოლოდ PACE-ში საქმიანობის გაჩერება, არამედ ევროპის საბჭოდან საერთოდ გამოსვლაც, თუმცა, ალიევის თქმით, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ მას თხოვნით მიმართა, რომ ვითარების გამოსასწორებლად დრო მიეცა, რის გამოც გადაწყვეტილება დროებით გადაიდო. ალიევის განცხადებით, მიუხედავად ამისა, მას შემდეგ პროგრესი არ ყოფილა და ასამბლეამ ქვეყანას მიუღებელი, ულტიმატუმის მსგავსი მოთხოვნები წაუყენა.
მისივე თქმით, ბაქოს ურთიერთობები არ გაუფუჭებია და პირველი ნაბიჯი სწორედ ასამბლეამ უნდა გადადგას, რათა დაუბრუნოს დელეგაციას ხმის უფლება. ალიევის განცხადებით, ევროპის საბჭოს სრულად დატოვების შემთხვევაშიც კი, „ამას ქვეყანაში თითქმის ვერავინ შეამჩნევს“.
პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი დაპირისპირებას არ ეძებს და ნორმალური ურთიერთობები ურჩევნია, „თუმცა PACE და ევროპარლამენტი რეგულარულად ახორციელებენ უსაფუძვლო თავდასხმებს ქვეყნის წინააღმდეგ“. მისი თქმით, ბოლო 5 წელში ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 13 რეზოლუცია მიიღო, რომელთაგან არცერთს ბაქოსთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს ნებაყოფლობით 2001 წელს შეუერთდა გარკვეული იმედებით, რომ ეს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასა და სუვერენიტეტის აღდგენაში დაგვეხმარებოდა. ჩვენ გვსურს ურთიერთობების ნორმალიზება, თუმცა პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან“, – დასძინა ილჰამ ალიევმა.




