ზელენსკი მოლაპარაკებებზე – “რუსებმა უკვე წამოიწყეს დეზინფორმაციის ახალი კამპანიები”

„პირისპირ ვიმსჯელეთ საკითხებზე, რომელთა ტელეფონით განხილვა არ შეიძლება”.
ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ის მხარის მიერ წამოჭრილ საკითხებზე ზელენსკის რუსტემ უმეროვმა და დელეგაციის სხვა წევრებმა მოახსენეს. ზელენსკი სოციალურ ქსელში ასე აჯამებს:
“მუშაობა ეფუძნებოდა ჟენევის დოკუმენტს და ეს დოკუმენტი დაზუსტდა”.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროს ანდრიი ჰნატოვს “ფრონტზე არსებულ მიმდინარე ვითარებაზე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შინაარსიანად ინფორმირებისთვის”.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფლორიდაში უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით იმსჯელეს “ფრონტის ხაზზე სხვადასხვა ნაბიჯის განხორციელების შესაძლებლობაზე და რუსეთის მხრიდან დარტყმებისგან თავდაცვისა და ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში შეთანხმებების დარღვევის პრევენციის გამოწვევებზე”.
უკრაინის პრეზიდენტს კიევის დიპლომატიის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიაჩნია ის, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდეს ევროპის ქვეყნებისა და „მსურველთა კოალიციის“ წევრი ყველა ქვეყანა.
აშშ-ში უკრაინის დელეგაციის ვიზიტისა და იქ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში იმყოფებოდა. სამშაბათს, 2 დეკემბერს, ზელენსკი ირლანდიას ეწვია.
სამშაბათს მოსკოვში დაგეგმილია აშშ-ის წარმომადგენელ სტივ უიტკოფის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. უიტკოფი უკვე მოსკოვში იმყოფება.
2 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გუნდს მიაწოდა აგრეთვე ინფორმაცია “ევროპის ლიდერებსა და სტივ უიტკოფთან ჩემს საუბრებზე, რომლებიც პარიზში შედგა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსებმა უკვე წამოიწყეს დეზინფორმაციის ახალი კამპანიები ამერიკულ მხარესთან მათი მომავალი შეხვედრების კონტექსტში”.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასცა მითითება “პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან, ისევე როგორც ევროპელ პარტნიორებთან, რაც შეიძლება კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებაზე. უკრაინის დაზვერვა პარტნიორებს მიაწვდის თავის ხელთ არსებულ ინფორმაციას რუსეთის ნამდვილი ზრახვებისა და მის მიერ დიპლომატიური მოქმედებების საბურვლით სანქციების შესუსტებისა და ევროპის მნიშვნელოვანი კოლექტიური გადაწყვეტილებების ბლოკირების მცდელობის შესახებ”.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი რჩება აშშ-სთან მუდმივ კონტაქტზე შემდგომი შეხვედრების განრიგის განსასაზღვრად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს