ზელენსკი კვლავ ითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენების უფლებას
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მისი ქვეყნის მოკავშირეებს კვლავ სთხოვს უფლებას გრძელი რადიუსის იარაღი გამოყენებულ იქნეს რუსეთის სიღრმეში განთავსებულ სამიზნეებზე.
"უკრაინას ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის წინსვლის შეჩერებისგან აშორებს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი პარტნიორებისგან ველით - გადაწყვეტილება გრძელი რადიუსის შესაძლებლობების შესახებ" - თქვა ზელენსკიმ უკრაინის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე 19 აგვისტოს.
აშშ-ს და უკრაინის სხვა მოკავშირეებს შეზღუდვები აქვთ დაწესებული ამ ტიპის იარაღის გამოყენებაზე, ომის ესკალაციის თაობაზე არსებული შიშების გამო.
ზელენსკიმ დიპლომატებს ასევე უთხრა, რომ უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს რუსეთის კურსკის რეგიონის 92 დასახლებაზე, და მას მერე, რაც თითქმის ორი კვირის წინ მოულოდნელად დაიწყეს შეჭრა საზღვრის მიღმა, აკონტროლებენ მტრის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს.
მანამდე, 19 აგვისტოს მოსკოვმა აღიარა, რომ უკრაინის ძალებმა დააზიანეს მდინარე სეიმზე გადებული ხიდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში რუსეთის სამხედროების გადაადგილებისთვის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.