ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკის ცნობით, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მუშაობა განაახლეს

ზელენსკის ცნობით, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მუშაობა განაახლეს

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი X-ზე წერს.
ზელენსკი მადლობას უხდის ევროპელ პარტნიორებს დახმარებისთვის და იქვე წერს.
“ამასობაში უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა მუშაობა განაახლეს და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ კვირას არსებითი შეხვედრა გვექნება”, – დაწერა ზელენსკიმ.
ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეკი ჰეინრიხმა (FOX NEWS), რომელიც თეთრ სახლშია კორესპონდენტი, დაწერა, რომ შეხვედრა საუდის არაბეთში შედგება. უკრაინის დელეგაციაში იქნება ანდრი ერმაკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ამერიკულში კი – მარკო რუბიო (სახელმწიფო მდივანი), მაიკ ვოლცი (ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში) და სტივ ვიტკოფი (ახლო აღმოსავლეთში სპეცწარმომადგენელი).
28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა ისე, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულა.
ორი დღის შემდეგ, 2 მარტს, ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები, კანადის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში, სამიტზე შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მასპინძელმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების გეგმაზე ევროპელები იმუშავებენ და შემდეგ განიხილავენ მას აშშ-თან. სტარმერის თქმით, მართალია, სამშვიდობო მოლაპარაკებების სიმძიმე საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს, მაგრამ შეთანხმებას შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.