უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი განკარგულებით ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.
“თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდეს ილონი მასკი – მეწარმე, ინჟინერი, კომპანიების SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელი” – წერია ზელენსკის ბრძანებაში.
განკარგულების თანახმად, მასკს ჯილდო გადაეცა ადამიანების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვის საქმეში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის, ასევე უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ცნობისთვის, ილონ მასკის კომპანია Space X-ის მიერ შექმნილი Starlink-ის მეშვეობით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე სატელიტური ინტერნეტის გამოყენება შეუძლიათ, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის წინააღმდე ფრონტის ხაზზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაციების ჩატარებაში.
ამჯერად უკრაინას Starlink-ის გამოყენება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეუძლია, მათ შორის, არალეგალურად ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა რეგიონებში. ამასთან, მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინისთვის Starlink-ის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდა.




