ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ვითარების გასაცნობად დონეცკის ოლქში ჩავიდა

19 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონს ეწვია და, როგორც სოციალურ ქსელში მოგვიანებით დაწერა, საველე საავადმყოფოში დაჭრილი მებრძოლები მოინახულა.

"მე მოვინახულე ჩვენი დაჭრილი დამცველები, რომლებიც იქ განლაგებული 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის სამედიცინო ასეულში გადიან მკურნალობას. ვესაუბრე მათ და გადავეცი სახელმწიფო ჯილდოები. დიდი მადლობა უკრაინის დაცვისა და თქვენი სამსახურისათვის! ჩვენი სახელმწიფო ამაყობს, რომ ასეთი მეომრები ჰყავს", - ნათქვამია პრეზიდენტის ტელეგრამის არხზე.
გარდა ამისა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის „ვოსტოკის“ მეთაურს, გენერალ ივან სოდოლს, ამ მიმართულებაზე მოქმედი უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელობას.
„დავათვალიერე საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა. მაქსიმალური ძალები ამ მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ დატოვა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა, რუსი სამხედროები კიდევ უფრო აგრძელებენ იერიშებს მთელი დონეცკის რეგიონის ოკუპაციის მიზნით.

ამჟამად მათი ძალისხმევა კონცენტრირებულია ქალაქ ჩასოვ-იარის გარშემო, რომლის ომამდელი მოსახლეობა დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იყო. ეს დასახლება მუდმივი საჰაერო დარტყმების ქვეშაა.
უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, რუსეთის არმია შეეცდება 9 მაისამდე ხელთ იგდოს ჩასოვ-იარი.
უკრაინის სარდლობის ცნობით, მტერი ასევე კონცენტრირებას ახდენს ბახმუტის დასავლეთით „ჩვენი თავდაცვის გარღვევის, სევერსკის დონეცის არხთან მისასვლელად, დასახლებულ პუნქტ ჩასოვ-იარის დასაპყრობად და კრამატორსკის აგლომერაციაში შემდგომი წინსვლის პირობების შესაქმნელად", - აღნიშნა 14 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.