ვინ ინიშნება უზენაეს სასამართლოში? – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 6 მოსამართლიდან არჩევანი დავით მამისეიშვილზე შეაჩერა და სწორედ მისი კანდიდატურა გადაუგზავნა საქართველოს პარლამენტს.
მოსამართლე დავით მამისეიშვილი ისეთ გახმაურებულ საქმეებს განიხილავდა, როგორიცაა ე.წ. ბიტკოინების საქმე, სადაც მომჩივანი ბძინა ივანიშვილი, ხოლო მოპასუხე გიორგი ბაჩიაშვილი იყო, ასევე განიხილავდა კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას და “რუსული კანონის” აქციების დროს დაკავებული პირის საქმეებს, ბათუმში მუშაობის დროს კი მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეს.
ცნობილი ხდება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კანდიდატურა მოხსნა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა. ის “პირველებთან” საუბრისას ამბობს, რომ ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ჩათვალა, ამ ეტაპზე საქმიანობა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელოს.
მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და კანდიდატურის მოხსნის თაობაზე მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან არ უსაუბრია.
გარკვეული ობიექტური მიზეზები მქონდა, რის გამოც ამ ეტაპზე ჩავთვალე, რომ საქმიანობა უნდა გავაგრძელო სააპელაციო სასამართლოში. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ეტაპზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლოში საქმიანობა, აქედან გამომდინარე ამაში არაჩვეულებრივი არაფერი არ არის. ამ ეტაპზე ჩავთვალე, რომ ეს არის ჩემთვის უფრო კარგი გადაწყვეტილება.
ამ საკითხზე კომუნიკაცია რატომ უნდა მქონოდა [მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან], ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. რასაკვირველია [გვაქვს კომუნიკაცია ჩინჩალაძესთან], სასამართლოს თავმჯდომარეა, ჩვენ მასთან გვაქვს კომუნიკაცია, ძალიან ხშირად ვნახულობ. თავმჯდომარე მისთვის, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე” – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა “პირველებთან” საუბრისას.
იურისტი გიორგი ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა “დადგმული შოუა”.
ამ კონკურსს არაფერი საერთო არ აქვს რეალურ კონკურსთან, ჩვენ ვნახეთ რომ არაერთი მიმართულებით აურჩევიათ ხალხი, რომელსაც დიპლომი არ აქვს, რომელიც განათლების კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, რომელიც სხვა კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა. ვისაც წარადგენენ, ვინც კარს უკან შეთანხმდება, მათი არჩევა ხდება ყოველთვის.
კლანური მმართველობა, რომელიც ჩვენ გვაქვს სასამართლო ხელისუფლებაში და რომელიც ყოველთვის პოლიტიკურად ლოიალურ გადაწყვეტილებას იღებს “ქართული ოცნების” მიმართ, ამიტომ ეს რაღაც თითქოს კონკურსი, ვიღაცებს, რომ ქულები დაუწერეს, ვიღაცამ რომ კანდიდატურა მოხსნა, ეს არის დადგმული შოუ, არაფრისმომცემი მცდელობა და კარიკატურა კონსტიტუციური პროცესის,” – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
“მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, დმიტრი გვრიტიშვილმა უზენაეს სასამართლოში გადასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, სავარაუდოდ, გარანტიები ვერ მიიღო, რის გამოც კანდიდატურა მოხსნა.
მოსამართლეების არჩევის გაუმჭვირვალე პროცესი და რეალურად, ერთმანეთთან დაკავშირებული, ნათესაურ კავსირსი მყოფი ადამიანების არჩევა ერთ სისტემაში, ქმნის კლანური მმართველობის და დახურული კორპორატიული მმართველობის ძალიან სახიფათო მოდელს.
რაც შეეხება გვრიტიშვილის, ეს არის მოსამართლე, რომელიც საკმაოდ დაზიანებული იმიჯით არის და რომლის მიმართ არ არსებობს სანდოობა. ამ ვითარებაში, მისი უზენაეს სასამამართლოში წარდგენა კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც ნდობაშელახულ იმიჯს. მან, როგორც ჩანს სურვილი კი გამოხატა, მაგრამ ვერ მიიღო გარანტიები და ალბათ ამის მიზეზია ის, რომ განაცხადის შემდეგ მოხსნა კანდიდატურა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს გვრიტიშვილი იქნება, თუ მამისეიშვილი – “ყველანი არიან კლანის მიმართ მორჩილი მოსამართლეები”.
გვრიტიშვილი იქნება, მამისეიშვილი, თუ რომელიმე სხვა გვარის წარმომადგენელი, ამას არავითარი მნშვნელობა არ აქვს, ყველანი არიან კლანის მიმართ მორჩილი მოსამართლეები, რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებენ, ბრძანებაც კი არ სჭირდებათ, თვითონაც ხვდებიან როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამათუიმ საქმეში,” – თქვა ალექსანდრე ბარამიძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე მაია ვაჩაძეს მუშაობის უფლება 2027 წლის აპრილამდდე აქვს.




