2025 წლის 15 ივნისი შეიძლება არაფრით ყოფილიყო გამორჩეული თარიღი, რომ არა „ნისლიანი ალბიონის“ დედაქალაქიდან მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სადაზვერვო სამსახურის – MI-6-ის ხელმძღვანელად (გენერალურ დირექტორად) Blaise Florence Metreweli დაინიშნა, რომელიც იმავე წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგებოდა მოვალეობის შესრულებას. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველისთვის ჩვეული ჟღერადობის „მეტრეველის“ (Metreveli) ნაცვლად დიდი ბრიტანეთის „პირველი მზვერავის“ გვარი ქართულად, როგორც „მეტრეუელი“ უნდა იწერებოდეს და გამოითქმებოდეს. ცოტა უჩვეულო, თუმცა სწორი ფორმა ეს იქნება.
ამ დანიშვნით საქვეყნოდ ცნობილმა ბრიტანულმა ბიუროკრატიამ ერთდროულად თავისი სამი ყველაზე მკაცრი ტრადიცია დაარღვია: გენდერი, ასაკი და წარმომავლობა. 117 წლის წინ დაარსებულ MI6-ის მე-18 ხელმძღვანელი პირველად გახდა არაბრიტანული წარმოშობის ქალი, რომელიც თანაც ყველაზე ახალგაზრდა გენერალური დირექტორი გახლავთ. ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურს (MI-5) ადრე ორი ქალბატონი ხელმძღანელობდა – სტელა რემინგტონი (1992-1996 წლებში) და ელიზა მენინგემ-ბულერი (2002-2007 წლებში). 2023 წლიდან დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრს (GCHQ) ქალბატონი ენ ლუიზ კისტ-ბატლერი ხელმძღვანელობს. თუმცა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ყოველთვის ითვლებოდა ყველაზე ელიტურ და ტრადიციულ სპეცსამსახურად და მის გენერალურ დირქტორად ბლეიზ მეტრეუელის დანიშვნა, მართლაც რომ სენსაცია იყო. ამ გარემოებაზე არანაკლები მოულოდნელობა ახალი ხელმღვანელის წარმომავლობა გახლდათ.
დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის აზრით, ბლეიზ მეტრეუელის ისტორიული დანიშვნა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა: გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას – იქნებიან ეს აგრესორები, რომლებიც ჩვენს წყლებში სადაზვერვო გემებს აგზავნიან თუ ჰაკერები, რომელთა დახვეწილი კიბერგეგმები ჩვენი საჯარო სერვისების ჩაშლას ისახავს მიზნადო, – განაცხადა მაშინ სტარმერმა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ერთსულოვანი იყო: ბლეიზი დაზვერვის მაღალკვალიფიციური ოფიცერი და ლიდერია ტექნოლოგიების საკითხებში. ის იდეალური კანდიდატია და გლობალური არასტაბილურობისა და საფრთხეების ეპოქაში უზრუნველყოფს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ შეძლოს ამ გამოწვევებთან პირდაპირ გამკლავება და ბრიტანეთის უსაფრთხოება დაცული იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთო.
ბუნებრივია, ქართული გვარის ქალბატონის დანიშვნამ ევროპის ყველაზე ეფექტიანი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად, საქართველოში დიდი აჟიოტაჟი და პროვინციული აღტკინება გამოიწვია. ბევრმა ისტორიული პარალელები ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთანაც მოძებნა, რომელსაც 1993-1997 წლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. თუმცა ბლეიზ მეტრეუელის დანიშვნა სულ სხვა შემთხვევაა. დღეს მკითხველი მის წარმომავლობაზე ბევრ ახალ ინფორმაციას შეიტყობს და ვფიქრობ, პროვინციული აღტკინებაც ჩაცხრება.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ამჟამინდელი ხელმძღვანელი უკვე 28 წელია, რაც სპეცსამსახურებში მსახურობს და მისი ვინაობა და საქმიანობის სფერო, თავად ოჯახის წევრებისთვისაც კი, სრულად მხოლოდ 2025 წლის 15 ივნისს გახდა ცნობილი. ამის შემდეგ დაიწყო ჟურნალისტებისა და ექსპერტ/ანალიტიკოსების (მათ შორის – სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსაურების) დაძაბული მუშაობა და „არქივების ქექვა“ ახალი „C”-ის (MI-6-ის გენერალური დირექტორის კოდური აღნიშვნა) წარმომავლობის, დიპლომატიური მოღვაწეობის, მის ოჯახის და ნებისმიერ სხვა ინფორმაციის მოსაძიებლად. მალევე გაირკვა, რომ ბლეიზ ფლორენს მეტრეუელი დაიბადა 1977 წლის 30 ივლისს ლონდონში, ხოლო მისი მამა არის ცნობილი რადიოლოგი, პროფესორი კონსტანტინე მეტრეუელი (დობროვოლსკი), რომლის ბიოგრაფიაც არანაკლებ საინტერესოა ვიდრე თავად ქალიშვილის.
კონსტანტინე კონსტანტინეს ძე მეტრეუელი (კონსტანტინე დობროვოლსკი: ) დაბადების თარიღი – 1943 წელი, დაბადების ადგილი – უკრაინის სსრ, ჩერნიგოვის ოლქი, ქალაქი შჩორსი (ამჟამად სნოვსკი). ის დიდი ბრიტანეთის ნატურალიზებული მოქალაქეა 1966 წლის 26 ივლისიდან. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ჟურნალ „The London Gazette“-ში 1966 წლის ნატურალიზაციის შეტყობინებაში ამგვარ ჩანაწერს ვკითხულობთ: „დობროვოლსკი, კონსტანტინე (ცნობილი როგორც კონსტანტინე მეტრეუელი); გაურკვეველი ეროვნების მქონე“. მან 1967 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი, შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტის ლატიმერის სკოლა. პროფესიით – რადიოლოგი და 1976 წლიდან დიდი ბრიტანეთის რადიოლოგთა სამეფო კოლეჯის წევრია. მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში და 1982 – 1985 წლებში კლინიკური რეზიდენტურა გაიარა საუდის არაბეთის დედაქალაქის, ერ-რიადის სამხედრო ჰოსპიტალში. 1986-2001 წლებში იყო ჰონგ-კონგის ჩინეთის უნივერსიტეტში – პროფესორი და სამედიცინო ვიზუალიზაციისა და ინტერვენციული რადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ამ ინფორმაციის შემდეგ ერთი მოსაზრება უნდა გაგაცნოთ: სრულიად შესაძლებელია, რომ კონსტანტინე მეტრეუელი-დობროვოლსკის გარკვეული პერიოდი დიდი ბრიტანეთის დაზვერვასთანაც ეთანამშრომლა. მით უფრო, რომ ამ ქვეყნის ინტელიგენციას, როგორც საზოგადოებრივ ფენას, ყოველთვის ეამაყებოდა
საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში მცირე წვლილის შეტანაც კი.
ძალზე საინტერესოა კონსტანტინე მეტრეუელი-დობროვოლსკის წარმომავლობის დადგენა. მისი მამა (ანუ ბლეიზის ნამდვილი/რეალური პაპა) გახლდათ კონსტანტინე ავგუსტინეს ძე დობროვოლსკი, ეთნიკური პოლონელი, რომელიც 1906 წელს უკრაინაში, ჩერნიგოვის გუბერნიაში დაიბადა, მიწის მესაკუთრე-მემამულეთა ოჯახში. გასული საუკუნის 20-იან წლებში მისი ოჯახი “გაკულაკებული” და რეპრესირებული იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, წითელ არმიაში სამსახურის დროს, კონსტანტინე დობროვოლსკი (უფროსი) ტყვედ ჩავარდა და შემდეგ გერმანელთა მხარეს გადავიდა. იმ პერიოდში ის დაქორწინდა უკრაინელ ვარვარა კოლენკოზე და 1943 წელს მათ შეეძინათ ვაჟი: კონსტანტინე კონსტანტინეს ძე დობროვოლსკი.
1943 წლის ბოლოს ვარვარა შვილ კონსტანტინესთან ერთად ჯერ გერმანიაში, ხოლო ომის დასრულების შემდეგ, კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1947 წელს იორკშირში ვარვარა დაქორწინდა ქართველ დავით (დათა) მეტრეველზე. ქორწინების რეგისტრაციის ფორმაში მან მიუთითა, რომ იმ დროს ქვრივი იყო და ჰყავდა ვაჟი – კონსტანტინე კონსტანტინეს ძე დობროვოლსკი. ამის შემდეგ დავით მიხეილის ძე მეტრეველმა იშვილა და თავისი გვარი მისცა ოთხი წლის კონსტანტინე დობროვოლსკის. თავად დავითის მცირე ბიოგრაფიული მონაცემები ამგვარია: დაიბადა 1907 წლის 2 იანვარს ფეოდოსიაში, მიხეილ და ანა მეტრეველების ოჯახში. მეორე მსოფლიო ომის დროს მობილიზებული იყო საბჭოთა არმიაში, სამხედრო წოდება – კაპიტანი, 334-ე მსროლელი პოლკის, 47-ე მსროლელი დივიზიის მეთაურის თანაშემწე. 1942 წლის 27 მაისს, ხარკოვის მახლობლად ტყვედ ჩავარდა. 1947 წლამდე მის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. საინტერესოა, რომ ემიგრაციაში იმყოფებოდა მისი უმცროსი ძმა – ეფრემიც.
ასე რომ, ვფიქრობ მთავარი გავარკვიეთ: ბლეიზის მამა, კონსტანტინე დობროვოლსკი, ოთხი წლის იყო, როდესაც ქართველმა დათა მეტრეველმა იშვილა და გვარიც მისცა. დავითი ომისშემდგომ წლებში ლონდონში ცხოვრობდა და მუზეუმში რესტავრატორად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ის 1989 წელს გარდაიცვალა. ამ დროს მომავალი მზვერავი სულ რაღაც 12 წლისა იყო.
კონსტანტინე ქართულ-უკრაინულ ოჯახში იზრდებოდა. რამდენად იცის მან ქართული ენა და იცნობს ქართულ კულტურას? რამდენად გადასცა ეს ცოდნა თავის ქალიშვილს, ბლეიზს, ჯერჯერობით უცნობია. ბლეიზის მამას პოლონურ- უკრაინული წარმოშობა ჰქონდა, საინტერესოა, ბრიტანეთის პირველმა მზვერავმა თუ იცის უკრაინული ან რუსული ენები? დიდი ბრიტანეთის „პირველ მზვერავს“ გვარი კი ქართული აქვს, თუმცა მის ძარღვებში ძირითადად პოლონურ-უკრაინული სისხლი სჩქეფს. აუცილებელია ერთი საინტერესოდ გასაკვირი რეალობაც გაგაცნოთ: არსად იძებნება ინფორმაცია კონსტანტინე მეტრეუელის (დობროვოლსკის) მეუღლეზე ანუ ბლეიზის დედაზე. აქაც რაიმე საიდუმლოება ხომ არ იმალება? ბლეიზ მეტრეუელის სისხლისმიერი პაპის, კონსტანტინე ავგუსტინეს ძე დობროვოლსკის ნაცისტური გერმანიის სადამსჯელო ჯარებში მსახური წინ დახვდა ქალბატონ „პირველ მზვერავს“. ამ ფაქტს მტერ-მოყვარე თავისებურად უკავშირებს ბლეიზის კარიერას. ასე რომ, ამ შემთხვევაში ქართული ანადაზა: ”პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო” – ძალზე აქტუალურია.




