ვინც ფიზიკურად გაუსწორდება ჩვენს თანამშრომლებს მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ | კალაძე

მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები.
“ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად შრომობენ და ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას. კანონის აღსრულების პარალელურად გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ეს ყველაფერი მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია. მე ამაზე თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ყველანი ცხოვრობთ ამ ქალაქში და ყველას გვინდა, უკეთესი ქალაქი გვქონდეს… ჩვენ მიერ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილი იწვევს უდიდეს პრობლემას სხვა ადამიანებისთვის, ქვეითებისთვის, თუნდაც მათთვის,
ვინც კერძო ავტომობილებით გადაადგილდება. ამიტომ მინდა, დავავალო ვიცე-მერს – იმოქმედეთ კანონის შესაბამისად… არასწორი და კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური ძალადობა და ასეთი ადამიანები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდება ჩვენს თანამშრომლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ. შესაბამისი უწყებების ჩართულობით იმოქმედეთ კანონის შესაბამისად “, – განაცხადა თბილისის მერმა და თანამშრომლებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თვითმხილველმა “მთავარ არხს” მიაწოდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს, როგორ უსწორდება ევაკუატორის მძღოლს რამდენიმე პირი. დაპირისპირება ჯერ სიტყვიერი კამათით იწყება და შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადადის. ჩხუბი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინგ დევიდის კომპლექსის მახლობლად მოხდა და, ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი დარღვევით დაპარკინგებული ავტომობილის გამო დაიწყო.