არასწორი პარკირებაზე ჯარიმის გამოწერისთვის თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებიან, ამას არ გავატარებთ – კახა კალაძე

„ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალურ თანამშრომლებს, თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისას ფიზიკურად უსწორდებიან,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება მიუღებელია. მერმა ძალოვან სტრუქტურებს, კანონის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა.
„იმისათვის, რომ ქალაქი მუდმივად მოწესრიგებული იყოს, მგზავრობა უსაფრთხო, მანქანები სწორად დაპარკინგებული და ა.შ., ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუდმივად შრომობენ და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ. ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და არსებობს შემთხვევები, როდესაც ფიზიკურად უსწორდებიან. რაც ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია.
აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს. შვილები გვყავს, მომავალი თაობები იზრდებიან და წესრიგი, კანონის დაცვა და ერთმანეთის პატივისცემა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
არასწორად დაპარკინგების გამო, ადამიანი რომ ჯარიმას წერს და ამის გამო მას ფიზიკურად უსწორდებიან, ამას ჩვენ ჩვეულებრივად არ გავატარებთ. პირობითად, ჩვენს მიერ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილი, სხვა ადამიანებისთვის უდიდეს პრობლემას იწვევს როგორც ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კერძო ავტომობილით გადაადგილდებიან.
ადამიანი, რომელიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას იცავს, ამის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო, ასეთი ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ჩვენი მეგობარი უწყებების დახმარებით, უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად მოქმედება,“ – აცხადებს თბილისის მერი.