“ვივამედის” პალატიდან ნაკარნახევი სააკაშვილის “ერთობის მანიფესტი” ხვალ გამოქვეყნდება

ერთობის მანიფესტზე ს ხელმოწერა არ იქნება. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მელია მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ დოკუმენტი, რომლის შინაარსიც თავად პარტიის მენეჯმენტმაც არ იცის, სანდო არც მისთვისაა. ყოფილს, მოქმედი თავმჯდომარის ულტიმატუმებზე ერთი პასუხი აქვს – პარტიიდან გარიცხვის მუქარის არ ეშინია და არც მგლის ბილეთის ჩვენებას აპატიებს.
ხაბეიშვილის სათქმელი, ყოფილ თავმჯდომარეს დღეს, მოქმედის გუნდმა გადასცა. მელია ბოლოჯერ გააფრთხილეს – თუ 23 ნოემბერს მანიფესტზე მისი ხელმოწერა არ იქნება, მისთვის პარტიის კარიც სამუდამოდ დაიკეტება. წამმზომი ხვალ დოკუმენტის გასაჯაროებისთანავე ჩაირთვება, მოსაფიქრებლად კი ყოფილ თავმჯდომარეს 24 საათი ექნება.
მოქმედს დამატებით პირობებს უყენებს ყოფილი თავმჯდომარის გუნდი. “თუ ხაბეიშვილს ერთიანობა სურს, ჩვენი შეთავაზებები განიხილოს”, – ამბობს ნიკა მელიას ფლანგი და პარტიის ჩამოშლაზე პასუხისმგებლობას “ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტს აკისრებს. კონტრ წინადადებებს არ იღებს სააკაშვილის პარტია, სადაც, მანიფესტზე ხელმოწერის შემდეგ, მელიასთან პოლიტიკური გაყრის ოფიციალურად გასაფორმებლად ემზადებიან.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება, მმართველი გუნდის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დადებითად აისახება. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ შიდა განხეთქილებამ სააკაშვილის პარტიას ამომრჩეველი დააკარგვინა, პარტიული რეიტინგი კი მინიმუმამდე დაიყვანა.
“ნაციონალური მოძრაობის” მორიგი ყრილობა 23 ნოემბერს გაიმართება, სწორედ ამ დღეს, მანიფესტზე ხელმოწერებით, გაირკვევა, ვინ რჩება და ვინ მიდის “ნაციონალური მოძრაობიდან”.

ასევე დაგაინტერესებთ