ვგმობთ საქართველოში თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს – ევროკავშირის ელჩი გაეროში

გაეროში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს საქართველოში „თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს“.
8 სექტემბერს გამოქვეყნებულ მიმართვაში ევროკავშირის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მიშელ ჩერვონე დ’ურსო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშთან დაკავშირებით არაერთ ქვეყანაში არსებულ უფლებრივ ვითარებაზე საუბრობს.ის საუბრობს საქართველოზეც და წერს: „ევროკავშირი იხსენებს საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოუწოდებს გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლოდროინდელ კანონმდებლობას, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს“.
„თვითნებური დაპატიმრებები და რეპრესიები“„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და ოპოზიციის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომებით“, – წერს ელჩი.იგი იმეორებს, რომ „ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაპატიმრებებს და რეპრესიების ზრდას, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაპატიმრებას“.გაეროში ელჩის თანახმად, „ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, საქართველომ ეს საკითხები გადაჭრას, თავისი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს“.ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ამ განცხადების შინაარსს ხელს აწერენ ალბანეთი, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია.
რა წერია აზერბაიჯანზეამავე წყაროს თანახმად, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობას:„ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია კანონმდებლობით, რომელიც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას“. ბრიუსელი მხარს უჭერს „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში გადახედვის ხელშესახებ პროგრესს“. „ამავდროულად, ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგისა და ჩართულობის დადებით განვითარებას, რაც ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობას და შერიგებას“, – წერია მიმართვაში.