ვახტანგ ძაბირაძე – თუ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდება, 5-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული ექნებათ, თუმცა მათ მარტო გაერთიანება არ მისცემს საშუალებას, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, თუ პარტია „ლელო“ ახალ პარტიასთან გაერთიანდება, მათ 5-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული ექნებათ. თუმცა, როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მარტო გაერთიანება არ მისცემს მათ საშუალებას, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ.
„გაერთიანებისკენ სვლა ნებისმიერ ვარიანტში სწორი ნაბიჯია, იქნება ეს მსხვილი თუ წვრილი პარტიების გაერთიანება. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს გამსხვილება და გაძლიერება სჭირდება. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ არჩევნებში ოპოზიციამ წარმატებას მიაღწიოს. ჯერჯერობით, ეს გაერთიანება ვერ წარმომიდგენია. პრობლემა კი არ არის ჩემთვის, არამედ არ ვიცი, ვინ ერთიანდება, ნიკა მელია აყალიბებს ცალკე პარტიას? რა შესაძლებლობები აქვს, როგორია მისი პოზიცია, სტრუქტურული თვალსაზრისით გამართული პარტია იქნება? მიმაჩნია, რომ დამატებითი სვლაა ამ მიმართულებით საჭირო. ვგულისხმობ პარტიების კიდევ უფრო გამსხვილებას. მამუკა ხაზარაძის განცხადება საკმაოდ ბუნდოვანი იყო, რადგან ბლოკები არ შეიძლება, გასაგებია, რომ ერთი სახელის ქვეშ უნდა გამოვიდნენ. შეიძლება ეს ახალი სახელი იყოს, მაგრამ „ლელო“ რჩება, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, მელია აყალიბებს პარტიას თუ მაშინვე ხდება გამსხვილება? ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს იმისთვის, რომ ამომრჩეველი მიიზიდოს. მგონია, რომ მელიას საკმაოდ დიდი ელექტორატი ეყოლება იმისთვის, რომ 5%-იანი ბარიერი დაძლიოს. თუ გაერთიანდებიან, ვფიქრობ, გარანტირებული ექნებათ 5%-იანი ბარიერის დაძლევა, მაგრამ ბარიერის დაძლევა არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს. ხელისუფლებამ ვერ უნდა აიღოს 76 მანდატი. გარანტირებული აქვს თუ არა ნიკა მელიას 5%-იანი ბარიერის დაძლევა, ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნება და ვიზუალურად შევხედავთ, რა ხდება, ვინ არიან პარტიაში, როგორია ელექტორალური განწყობა. ნიკა მელიამ ძირითადი ელექტორატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უნდა წამოიყვანოს. ხაზარაძის ელექტორატი „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი არ არის, რამდენად თავსებადია ეს ორი პარტია ელექტორალურად, ეს საკითხიც გასარკვევია. თუმცა, მგონია, რომ თუ ეს გაერთიანება შედგება, 5-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული იქნება. ოღონდ მარტო გაერთიანება არ მისცემს მათ საშუალებას, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ. შეიძლება 7-8 % აიღონ, მაგრამ პრეტენზია, რომ ძლიერი ძალა შექმნან, ამის განცდა არ იქნება. ორივე ლიდერს აქვს საკმაოდ სუსტი წერტილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად გამოიყენებს. ამიტომ, ბევრი სამუშაო აქვთ“, – განაცხადა ძაბირაძემ.
მისი თქმით, როდესაც საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს დროულად მოხდეს და პარტიის ჩამოყალიბება თებერვლამდე არ გაიწელოს.
შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არ გამორიცხა, რომ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.
„გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…