ე.წ. რუსეთის ელჩი გლადკოვი გალში და “ენგურის” გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა

როგორც ადგილობრივი მედია წერს, “რუსეთის ელჩმა შეხვედრა გამართა გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კონსტანტინე ფილიასთან, ეწვია სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარებიან და მისი საქმიანობა დადებითად შეაფასა. გარდა ამისა, რუსეთის ელჩმა მოინახულა სკოლები, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო, „ენგურის“ საკონტროლო გამშვები პუნქტი, ენგურჰესის მანქანათა დარბაზი და რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო საწარმო”.
ამასთან, როგორც დე ფაქტო საელჩო აცხადებს, გლადკოვმა თქვა, რომ “აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება საშუალებას მისცემს, დაგროვილი პრაქტიკა აფხაზ კოლეგებს გაუზიაროს”.
მისი თქმით, რუსეთის საელჩო მზად არის, აფხაზეთის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საექსპერტო მხარდაჭერა გაუწიოს.
„შთაბეჭდილებები ბევრია და მსურს დამატებითი თანამშრომლობის ორგანიზება. შევეცდები, საუკეთესო პრაქტიკებზე მოვყვე და, თუ მოხერხდება, განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს რაიონის სოციალური მიმართულებებისა და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა გლადკოვმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.